კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 5.7 მილიარდ ლარს მიაღწია

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 5.7 მილიარდ ლარს მიაღწია

05 სექტემბერი, 2008

2008 წლის ივლისის ბოლოს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების სააკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით) თითქმის 1.9 მლრდ ლარით (52.1 პროცენტით) გაიზარდა და 5.7 მლრდ ლარი შეადგინა. მათ შორის, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2.0-ჯერ და მეტად გაიზარდა და 2.0 მლრდ ლარს მიაღწია, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების ზრდა 34.3 პროცენტით განისაზღვრა  და  3.7 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამასთან, სესხების სტრუქტურა ეროვნული და უცხოური ვალუტების მიხედვით, იმავე პერიოდში, მნიშვნელოვნად შეიცვალა და, შესაბამისად, 34.4 და 65.6 პროცენტი შეადგინა (ნაცვლად 25.7 და 74.3 პროცენტისა).

საბანკო სექტორის მთლიანი საკრედიტო დაბანდების 1.7 პროცენტს ვადაგადაცილებული დავალიანება შეადგენს. გასული წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემთან შედარებით მისი მოცულობა 3.6-ჯერ გაიზარდა და პირველი აგვისტოსათვის 99.0 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანი ვადაგადაცილებული დავალიანების 58.3 პროცენტი მოკლევადიან სესხებზე მოდის.

უკანასკნელ ერთ წელიწადში წინმსწრები ტემპით იზრდებოდა გრძელვადიანი სესხების მოცულობა (54.7 პროცენტით, 41.1 პროცენტთან შედარებით მოკლევადიანი სესხების მიხედვით) და ამ მაჩვენებელმა კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების საერთო მოცულობის 70.1 პროცენტი შეადგინა, გასული წლის ივლისის თვის ბოლოს დაფიქსირებული 68.9 პროცენტის ნაცვლად.

რაც შეეხება ვადიანი სესხების სტრუქტურას მსესხებლის კატეგორიების მიხედვით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2008 წლის ივლისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 909.0 მლნ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 1.7-ჯერ მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 2.3 მლრდ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.8 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი.

საანგარიშო პერიოდში დაკრედიტების მოცულობა მნიშვნელოვანად გაიზარდა უძრავი ქონებით ოპერაციების, კვლევებისა და კომერციული საქმიანობის სფეროში, სადაც ამ მაჩვენებელმა 3.7-ჯერ მოიმატა და  123.3 მლნ ლარი შეადგინა; 2.8-ჯერ გაიზარდა დაკრედიტების მოცულობა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურეობის სფეროში და 29.2 მლნ ლარი შეადგინა. თუმცა, ამ დარგების წილი ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში კვლავ უმნიშვნელო,  შესაბამისად, 3.9 და 0.9 პროცენტის დონეზე რჩება.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 47.1 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. ბოლო ერთ წელიწადში ვაჭრობის სფეროსათვის გაცემული სესხების მოცულობა 23.1 პროცენტით გაიზარდა და 1.5 მლრდ ლარს მიაღწია. 

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 19.7 პროცენტს შეადგენს, რაც 2008 წლის პირველი აგვისტოსათვის 621.6 მლნ ლარით განისაზღვრა (26.7 პროცენტით მეტი 2007 წლის ანალოგიურ თარიღთან შედარებით); 13.7 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 432.6 მლნ ლარია (შესაბამისად, 47.4 პროცენტით მეტი). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 80.4 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად - 2.1-ჯერ გაიზარდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 2008 წლის პირველი აგვისტოსათვის 2.4 მლრდ ლარს მიაღწია, რაც ინდივიდუალური მეწარმეობის გააქტიურებაზე მიუთითებს.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

სხვა სიახლეები