კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივები 19.4 პროცენტით გაიზარდა
2008 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 20 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. მათ შორის, 2 უცხოური ბანკის ფილიალია, 14 ბანკის საწესდებო კაპიტალშიც კი უცხოური კაპიტალი მონაწილეობს. წლის დასაწყისთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1397.6 მლნ ლარით, ანუ 19.4 პროცენტით გაიზარდა და 8605.7 მლნ ლარი შეადგინა.
წლის დასაწყისიდან საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები (სააქციო კაპიტალი) 320.9 მლნ ლარით (21.8 პროცენტი) გაიზარდა და 1791.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივების 20.8 პროცენტს შეადგენს (ნაცვლად 20.4 პროცენტისა, წლის დასაწყისისათვის). განაღდებული საწესდებო კაპიტალის ზრდამ 103.6 მლნ ლარი, ანუ 22.8 პროცენტი შეადგინა. ბანკების რაოდენობა უცხოური კაპიტალის მონაწილეობით საწესდებო კაპიტალში, წლის დასაწყისთან შედარებით, 12-დან 14 ერთეულამდე, ხოლო მათი წილი ბანკების საერთო საწესდებო კაპიტალში 10.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 74.5 პროცენტი შეადგინა.
2008 წლის იანვარ-ივნისში მოქმედი ბანკების შემოსავლები 96,4 პროცენტით გაიზარდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, და 771.5 მლნ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში კომერციული ბანკების წმინდა მოგების საერთო თანხამ 76.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 16.3 მლნ ლარით, ანუ 27.2 პროცენტით მეტია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
ეკონომიკის რეალური სექტორის დაკრედიტების ზრდამ ხელი შეუწყო საპროცენტო შემოსავლების ზრდას. წინა წელთან შედარებით, ამ მაჩვენებელმა 61.1 პროცენტით მოიმატა და მთლიანი შემოსავლების 61.7 პროცენტი შეადგინა.
კომერციული ბანკების ხარჯების მთლიანმა მოცულობამ იანვარ-ივნისში 672.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2.1-ჯერ მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ხარჯების ზრდის უდიდესი ნაწილი როგორც არარეზიდენტ ბანკებსა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებულ სესხებზე გადახდილ პროცენტებზე, ასევე რეკლამის, კომუნალურ და საფოსტო ხარჯებზე მოდის.
უმსხვილესი აქტივების მქონე ხუთი ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წლის დასაწყისიდან 80.4-დან 79.6 პროცენტამდე შემცირდა.
საბანკო სექტორის აქტივების რენტაბელობამ ივნისის ბოლოს 1.9 პროცენტი, ხოლო კაპიტალის რენტაბელობამ 8.9 პროცენტი შეადგინა (ნაცვლად 2.4 და 12.2 პროცენტისა, შესაბამისად, გასული წლის ანალოგიური პერიოდისათვის).
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.