კომერციული ბანკების აქციონერების მიერ აქციების ფლობაზე დაწესებული შეზღუდვა გაუქმდა
12 აპრილი, 2006
გაუქმებულია შეზღუდვა, რომლითაც კომერციული ბანკების აქციონერებს ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტზე მეტის ფლობა ეკრძალებოდათ. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონიდან ამოღებულია ამ შეზღუდვის ამსახველი პუნქტი. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ბანკის აქციების 100%-ის ფლობის უფლება უკვე ერთ პირსაც ექნება.
საბანკო კანონმდებლობის ლიბერალიზების ეს ინიციატივა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პარლამენტს რამდენიმე თვის წინ წარუდგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძის განცხადებით, „ხშირ შემთხვევაში, საქართველოს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის მიერ აქციების ფლობაზე დაწესებული ადრე არსებული მოთხოვნა ირღვეოდა. იყო შემთხვევები, როცა კომერციული ბანკების რეალური მესაკუთრეები იძულებულნი იყვნენ ამოფარებოდნენ ოფშორულ კომპანიებს, მათი სახელით მონაწილეობდნენ ბანკის მართვაში და ფლობდნენ კანონით გათვალისწინებულზე მეტი ოდენობის აქციებს.
აქამდე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომერციული ბანკის არც ერთ აქციონერს ან ერთობლივად მოქმედ აქციონერთა ჯგუფს უფლება არ ჰქონდა წილის იმ ოდენობის ფლობის ან/და განკარგვის, რომელიც კომერციული ბანკის გაცხადებული თუ განაღდებული საწესდებო კაპიტალის ხმის უფლების მქონე აქციების 25%-ს აღემატებოდა. ეროვნული ბანკი გამონაკლისს უშვებდა მხოლოდ იმ მფლობელის შემთხვევაში, თუკი მას საბანკო ლიცენზია ექნებოდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძის განმარტებით, „ძალაში შესული საკანონმდებლო ცვლილება მნიშვნელოვნად გააადვილებს ქართულ საბანკო სივრცეში ინვესტიციების შემოდინებას“.