კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა
2011 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით. წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 215.2 მლნ ლარით, ანუ 2.0 პროცენტით გაიზარდა და 10779.4 მლნ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1801.3 მლნ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 16.7 პროცენტია.
უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 80.7 პროცენტი შეადგინა.
გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. იანვრის მოგებამ 12.3 მლნ ლარი შეადგინა.
ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წინა თვესთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 77.8 პროცენტი შეადგინა.
საბანკო სექტორის აქტივების რენტაბელობა იანვრის თვის შედეგებით 1.4 პროცენტს შეადგენს, ხოლო კაპიტალის რენტაბელობა – 8.2 პროცენტს (ნაცვლად -0.4 და -2.2 პროცენტისა შესაბამისად, გასული წლის იანვრის მიხედვით).
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.ge