კომერციული ბანკებისათვის ფილიალის, განყოფილებისა და წარმომადგენლობის
შექმნის წესი გამარტივდა
20 ივნისი, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე, გამარტივდა კომერციული ბანკების მიერ ფილიალის, განყოფილებისა (სერვისცენტრის) და წარმომადგენლობის შექმნის 2007 წლის 8 ივნისამდე მოქმედი წესი.
კერძოდ, კომერციული ბანკები მხოლოდ იმ შემთხვევაში არიან უფლებამოსილი, გახსნან დამატებითი სტრუქტურული ერთეული, თუ: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბანკში ჩატარებული ბოლო შემოწმების შედეგად მინიჭებული აქვთ CAMEL-ის რეიტინგით პირველი, მეორე ან მესამე კატეგორია; ბანკის ფილიალი ან განყოფილება აღჭურვილია სათანადო ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფით, ჰყავს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრები და გააჩნია კლიენტებისა და სათავო ბანკთან დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობა.
განსხვავებით ადრე მოქმედი წესისგან, რომელიც უპირობოდ ითვალისწინებდა კომერციული ბანკებისაგან აღნიშნული მოთხოვნების დაცვას, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილება დასაშვებად განიხილავს ცალკეულ შემთხევებს.
კერძოდ, თუ კომერციულ ბანკს CAMEL-ის რეიტინგით არა აქვს მიღებული პირველი, მეორე ან მესამე კატეგორია, მაგრამ მისი ბოლო შემოწმების შემდგომ პერიოდში მკვეთრად გაუმჯობესდა ფინანსური მდგომარეობა, რაც უწყვეტად დასტურდება ეროვნულ ბანკში წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე მომზადებული გარესაბანკო ზედამხედველობის დასკვნებით მიცემული შეფასებებით (მეორე ან მესამე კატეგორია), საქართველოს ეროვნული ბანკი შესაძლებლად განიხილავს თანხმობის გაცემას ბანკისათვის ფილიალის ან განყოფილების შექმნის თაობაზე.
მოქმედ წესში ცვლილების შეტანა განპირობებულია შემდეგი ფაქტორით: სხვადასხვა გარემოებათა გამო, შესაძლოა ამა თუ იმ ბანკში შემოწმების ჩატარება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვერ განხორციელდეს, ხოლო ბოლო შემოწმების შედეგად მას CAMEL-ის რეიტინგით მეოთხე ან მეხუთე კატეგორია ჰქონდეს მინიჭებული. ამ შემთხვევაში ბანკი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გატარებული ადეკვატური ღონისძიებების მიუხედავად, სტრუქტურულ ქვედანაყოფს ვერ დაარსებს. აღნიშნული გარემოება გახდა ზემოთ ხსენებული ცვლილებების საფუძველი.
„კომერციული ბანკების მიერ ფილიალის, განყოფილების (სერვისცენტრის) და წარმომადგენლობის შექმნის წესში“ შეტანილი ცვლილებები და დამატებები არ ამძიმებს ბანკების მდგომარეობას და მისი ამოქმედება დაკავშირებული არ არის ხარჯებთან.