კობა გვენეტაძემ საერთაშორისო ფორუმზე ფინანსური ინკლუზიურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა
1 ივლისს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC), საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ ფორუმს დაესწრო. ღონისძიება, რომელიც ასტანის ფინანსური დღეების ნაწილია, COVID-19-ის პანდემიისა და ფინანსური ინკლუზიურობის საკითხების განხილვას დაეთმო.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, პანელური დისკუსიის ფარგლებში, ფინანსური ინკლუზიურობის ხელშესაწყობად ინოვაციური გადაწყვეტილებების, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ ისაუბრა. კობა გვენეტაძის განცხადებით, ინოვაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას ფინანსური ხელმისაწვდომობისთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.
"ფინანასური ტექნოლოგიების სექტორის მხარდასაჭერად, 2 წლის წინ, ეროვნულ ბანკში შეიქმნა ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციურ ფინანსურ პროდუქტებზე, სერვისებსა და ბიზნესმოდელებზე და მიზნად ისახავს, თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოში ფინტექისთვის შესაფერისი ეკოსისტემის შექმნაში. სწორედ საბანკო სფეროში ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით დაინერგა ციფრული ბანკის ჩარჩო. ღია ბანკინგის ჩარჩოს დანერგვაც ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტია ფინტექ კომპანიებისა და ინოვაციური საბანკო პროდუქტების განვითარებისთვის, რომელმაც, ჩვენი აზრით, შეიძლება გადამწყვეტი როლი შეასრულოს საქართველოში ფინტექ ინდუსტრიის განვითარებაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საშუალებით, ფინანსური სერვისების მიწოდება საგრძნობლად გაუმჯობესებულია. მნიშვნელოვანია, რომ ამ სერვისებზე ყველა მომხმარებელს ჰქონდეს წვდომა, ხოლო ჩვენ, როგორც რეგულატორმა, უნდა უზრუნველვყოთ ამ პროდუქტების გამჭვირვალობა, მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა და ფინანსური სტაბილურობა",- განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ღონისძიებას CAREC-ის წევრი ქვეყნების საფინანსო სექტორის, ფინანსთა სამინისტროების, ცენტრალური ბანკების, ფინანსური მარეგულირებელი ორგანოსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა ერთმანეთს ფინტექის მიმართულებით არსებული გამოცდილება გაუზიარეს. ამასთან, ისაუბრეს ინოვაციებზე, რასაც შეუძლია ფინანსური ინკლუზიურობა უფრო ეფექტიანი და ხელმისაწვდომი გახადოს.