ისტორიული მაქსიმუმი მიღწეულია: საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებმა მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა
19 მარტი, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებმა, პირველად მისი არსებობის ისტორიაში, მიმდინარე წლის 19 მარტის მდგომარეობით, მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა და 1 მილიარდ 6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ცნობისათვის: 2006 წელი უცხოური ვალუტის რეზერვებმა 882 მლნ აშშ დოლარის ოდენობით დაასრულა. ეს მაჩვენებელი 2005 წლის 31 დეკემბრის მონაცემს (478.6 მლნ აშშ დოლარს) თითქმის 2-ჯერ აღემატება.
2004 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, უცხოური ვალუტის რეზერვები 387 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, 2003 წლის ანალოგიურ პერიოდში კი – მხოლოდ 196 მლნ აშშ დოლარს. 1995 წლის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკს ყველაზე ნაკლები მოცულობის საერთაშორისო სავალუტო რეზერვი, დაახლოებით, 62 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, 1998 წლის 8 დეკემბერს ჰქონდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, რომან გოცირიძის განცხადებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები განთავსებულია საიმედო, ლიკვიდურ და შემოსავლიან აქტივებში. კერძოდ, რეზერვები დაბანდებულია დაბალი რისკის შემცველ ფასიან ქაღალდებსა და მაღალი რეიტინგის მქონე უცხოურ კომერციულ ბანკებში.
მიმაჩნია, რომ საქართველოს საერთაშორისო რეზერვების ისეთი მასშტაბური ზრდა, რომელიც განხორციელდა, უდავოდ მნიშვნელოვანი წარმატებაა.
საერთაშორისო რეზერვების მატება ქვეყანაში ეკონომიკური ზრდისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების შედეგია“.
უცხოური ვალუტის რეზერვების ზრდა დადებით გავლენას მოახდენს საქართველოს სუვერენულ რეიტინგზე. გარდა ამისა, სრულად იქნება განეიტრალებული რუსეთის ემბარგოს შედეგად გამოწვეული ნეგატიური რისკები. საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის სიდიდის მიუხედავად, იგი იქნება ნაკლები საფრთხის შემცველი, ვინაიდან უცხოური ვალუტის რეზერვებმა უკვე გადააჭარბა 2.5 თვის იმპორტის მაჩვენებელს. ამასთან, რეზერვების ზრდა მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ფაქტორია ლარის სიმტკიცისა და სტაბილურობისათვის.