ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის
საერთაშორისო რეზერვების მდგომარეობის შესახებ
18 იანვარი, 2007
2006 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების უპრეცედენტო ზრდა აღინიშნა. თუკი 2006 წლის დასაწყისში, 4 იანვარს, ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 474.9 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, 31 დეკემბრის მდგომარეობით მისმა მოცულობამ 883.35 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2007 წლის 16 იანვრის მონაცემებით – 959.48 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს და ქვეყნის სარეზერვო პოზიციის განმტკიცებაზე მეტყველებს. 2006 წელს რეზერვების მოცულობა 408.45 მლნ აშშ დოლარით, ანუ 86%-ით არის გაზრდილი, ხოლო თუ 2006 წლის დასაწყისის მონაცემს შევადარებთ დღევანდელს, რეზერვების მოცულობა გაზრდილია 484.58 მლნ აშშ დოლარით, ანუ 102.04%-ით.
შედარებისთვის: 2004 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით უცხოური ვალუტის რეზერვები 387 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა, 2003 წლის ანალოგიურ პერიოდში კი – მხოლოდ 196 მილიონ აშშ დოლარს. 1995 წლის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკს ყველაზე ნაკლები მოცულობის საერთაშორისო სავალუტო რეზერვი, დაახლოებით, 62 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, 1998 წლის 8 დეკემბერს ჰქონდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების მნიშვნელოვან მატებას 2006 წლის განმავლობაში ორი ძირითადი წყარო უზრუნველყოფდა: პრივატიზაციიდან მიღებული თანხები და ეროვნული ბანკის შესყიდვები თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე. 2006 წელს ბირჟაზე კომერციული ბანკებისაგან წმინდა შესყიდვებმა 341.24 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რეზერვების შევსების მეორე მნიშვნელოვან წყაროს პრივატიზაციიდან შემოსავლები წარმოადგენდა. კერძოდ, სხვადასხვა ობიექტების პრივატიზაციის შედეგად 2006 წლის განმავლობაში მიღებულ იქნა 204.0 მლნ აშშ დოლარი.
რაოდენობით მესამე იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან სიღარიბის დაძლევის პროგრამის ფარგლებში მიღებული ორი ტრანში, რომელთა მოცულობამ 42.14 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რეზერვების მატება აგრეთვე განაპირობა რუსეთის სამხედრო ბაზებისათვის თანხების კონვერტაციამ, მთლიანად 17.2 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტით და სხვა, შედარებით მცირე თანხებმა.
საერთაშორისო რეზერვების დინამიკა საერთაშორისო რეზერვების დინამიკა
(1999-16.01.2007წწ.) (2006წელი)
მლნ აშშ დოლარი მლნ აშშ დოლარი