იერუნ კრემერსი: საქართველომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
10 ივნისი, 2005
თბილისში 11-12 ივნისს გამართულ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნიდერლანდების ჯგუფის წევრი ქვეყნების, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველთა და ალტერნატიულ მმართველთა სამუშაო შეხვედრას სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იერუნ კრემერსი მაღალ შეფასებას აძლევს.
„სასიამოვნო და საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ასეთი მაღალი რანგის ფორუმი ტარდება. მასში სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან როდრიგო დე რატოსა და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან შიგეო კაცუსთან ერთად მრავალი ქვეყნის მონეტარული და ფისკალური სტრუქტურების ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას,“ – აღნიშნა სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა იერუნ კრემერსმა საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართულ ბრიფინგზე.
კრემერსის შეფასებით, უკანასკნელ პერიოდში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, შესაბამისად, იგი იმედოვნებს, რომ სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მორიგი ტრანშის გამოყოფის საკითხი პოზიტიურად გადაწყდება. სავალუტო ფონდიდან კრედიტის მიღების გარდა, კრემერსს მნიშვნელოვნად მიაჩნია ის, რომ საქართველო თავის პოლიტიკას წარმატებით ახორციელებს. მაკრო და მიკრო დონეზე რეფორმები და სტაბილურობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება და გადაწყვეტილების მიღებისას პირველ რიგში იქნება გათვალისწინებული.
იერუნ კრემერსი სავალუტო ფონდში ნიდერლანდების ჯგუფის წევრ ქვეყნებს წარმოადგენს, რომელშიც, საქართველოს ჩათვლით, 12 ქვეყანა შედის. აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, ქვეყნები, რომელთაც ის წარმოადგენს, ძირითადად, გარდამავალი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებია, რომელთა საერთო მოსახლეობა 130 მილიონ ადამიანს შეადგენს. ამ ქვეყნების საერთო მდგომარეობა საკმაოდ სწრაფად იცვლება.
„სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამა“ საქართველოში გასული წლიდან მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ დასრულდა ფონდის მისიის ვიზიტი, რომელსაც ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ჯულიან ბერენგაუტი ხელმძღვანელობდა და რომელმაც, ძირითადად, დადებითი შეფასება მისცა პროგრამის მიმდინარეობას. იერუნ კრემერსის ინფორმაციით, ეს დასკვნები დირექტორთა საბჭოს წარედგინება, რომლის ერთ-ერთი წევრი თავად არის და საბჭოში საქართველოს ინტერესებს იცავს.
საქართველოში მაკროეკონომიკურ სტაბილურობასთან დაკავშირებით, იერუნ კრემერსი თვლის, რომ „მიმდინარე ეტაპზე ხელისუფლების უპირველესი ამოცანა იქნება, მოძებნოს ბალანსი სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან მიღებულ დიდ შემოსავლებსა და მოსალოდნელ ინფლაციას შორის, ანუ მთავრობამ ეს თანხა ერთბაშად და სწრაფად არ უნდა დახარჯოს. „მაგრამ, მეორე მხრივ, თქვენ დღეს „ფუფუნებაში“ ხართ იმიტომ, რომ ადრე ქვეყანას, ძირითადად, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების დეფიციტის პრობლემა ჰქონდა, დღეს კი იმაზე გიწევთ ფიქრი, ჭარბი შემოსავლები როგორ დახარჯოთ. მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რა თქმა უნდა, უპირველესი ამოცანაა, მაგრამ მას ხილული მატერიალური ღირებულება არა აქვს. ჩვენი უპირველესი ამოცანაა შემოსავლების გაზრდა, უმუშევრობის აღმოფხვრა, ცხოვრების დონის გაუმჯობესება და ეკონომიკური ზრდა,“ – აცხადებს მსოფლიო ბანკის აღამასრულებელი დირექტორი.
იერუნ კრემერსი აღნიშნავს, რომ მთავრობა მხოლოდ მოკლევადიანი ამოცანებით არ უნდა შემოიფარგლოს და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაზეც უნდა იფიქროს. ამ მხრივ, ფონდის აღამასრულებელ დირექტორზე სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა იმ ინფორმაციამ, რომელიც პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელისაგან მოისმინა და რომელიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგიის შემუშავებას ეხება, ეს დოკუმენტი მიმდინარე წლის ზაფხულში მზად იქნება. თავად იერუნ კრემერსს ქვეყნის განვითარების საშუალოვადიან პრიორიტეტად ფინანსური სექტორის კიდევ უფრო განვითარება და ამ ბაზარზე ფინანსური და სადაზღვევო კომპანიების აქტიური ჩართვა, ასევე ფინანსური ზედამხედველობის ქმედითი ინსტიტუტების ფორმირება მიაჩნია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნიდერლანდების ჯგუფის წევრი ქვეყნები არიან: ნიდერლანდები, საქართველო, ისრაელი, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა, სომხეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, მაკედონია, მოლდოვა, კვიპროსი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამა 32 ქვეყანაში ხორციელდება. საქართველოსთვის აღნიშნული პროგრამა, 98 მლნ SDR-ის (დაახლოებით, 144 მლნ აშშ დოლარი) მოცულობით, გასული წლის 4 ივნისს დამტკიცდა და 2007 წლის 3 ივნისს უნდა დასრულდეს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პირველი ტრანში, 14 მლნ SDR-ის მოცულობით, ეროვნულმა ბანკმა 2004 წლის 21 ივნისს მიიღო. მეორე ტრანში, 14 მლნ SDR-ის (21,5 მლნ აშშ დოლარი) მოცულობით, სებ-ის ანგარიშზე 2005 წლის 11 იანვარს ჩაირიცხა. სსფ-ის მესამე, 14 მლნ SDR-ის ოდენობის ტრანშის მიღება კი წლის ბოლოსთვის არის ნავარაუდევი.