თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა პრეზენტაცია გამართა

თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა პრეზენტაცია გამართა

17 თებერვალი, 2006
თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა სურეია სერდენგეჩთიმ სამუშაო ვიზიტის მეორე დღეს სასტუმრო „შერატონ-მეტეხი-პალასში“ პრეზენტაცია გამართა თემაზე – „მონეტარული ვითარება თურქეთში და ცენტრალური ბანკის როლი ამ პროცესში“.                     პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებისა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის წარმომადგენლები.   სურეია სერდენგეჩთიმ თავის მოხსენებაში თურქეთის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმოიხილა. მონეტარული პოლიტიკის შესახებ განაცხადა, რომ „ამჟამად უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში თურქული ლირას გაცვლითი კურსი სტაბილურია. მნიშვნელოვნად გაიზარდა თურქული კომერციული  ბანკების მხრიდან მასზე მოთხოვნა, რაც ეროვნული ვალუტისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებაზე მეტყველებს. შესაბამისად  გაიზარდა კომერციული ბანკების დეპოზიტების მოცულობაც. მიუხედავად ამ მიღწევებისა, თურქეთის ეკონომიკის სექტორების დასაკრედიტებლად კომერციული ბანკების მიერ მეტწილად მაინც მოკლევადიანი სესხები გაიცემა. ამგვარი ტენდენცია რამდენიმე წლის წინ თურქეთში მაკროეკონომიკური დესტაბილიზაციის დროს ჩამოყალიბდა, რაც სამწუხაროდ კვლავაც გრძელდება. ვიმედოვნებ, მომავალში სესხების მთლიან სტრუქტურაში ვადიანობის მაჩვენებელი მოიმატებს“.   მოხსენებაში სურეია სერდენგეჩთი რამდენიმე წლის წინ თურქეთში განვითარებულ საფინანსო კრიზისის გამომწვევ მიზეზებსაც შეეხო.   „ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში თურქეთს ევროპის მასშტაბით საფინანსო სისტემის ყველაზე ცუდი მოდელი გააჩნდა. ცენტრალური ბანკი დამოუკიდებელი არ იყო, შესაბამისად დამოუკიდებლად არ ახორციელებდა ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, რაც საბანკო სისტემაზე  ნეგატიურად აისახა – 2001 წელს თურქეთში სერიოზული საბანკო კრიზისი განვითარდა. 2002 წლის იანვარში თურქეთში ინფლაცია 73.2%-ს შეადგენდა, 2006 წლის იანვარში კი  7.93%-ს. ეს უკანასკნელი მაჩვენებელი მცირეოდენი ცვლილებით ბოლო სამი წლის განმავლობაში შენარჩუნებულია“ – აღნიშნა თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა.   სურეია სერდენგეჩთის ინფორმაციით, „ამჟამად თურქეთის ეკონომიკა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან არის ინტეგრირებული. ქვეყნის საგარეო ვაჭრობის სტრუქტურაში, რომელიც  189 მლრდ აშშ დოლარია, ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტის წილი 52%-ს, ხოლო იმპორტისა 42%-ს შეადგენს“.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძის განცხადებით, „თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო პარტნიორი მეზობელი სახელმწიფოა. ამდენად ამ ქვეყნის  ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო კაპიტალდაბანდებებს საგრძნობლად გაზრდის და ამ ნაკადების შექცევადობას შეუწყობს ხელს“.   პრეზენტაციის შემდეგ თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა სურეია სერდენგეჩთიმ დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა, რომელთა დიდი ნაწილი თურქეთის საბანკო სექტორს ეხებოდა.   თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი სურეია სერდენგეჩთი სამშობლოში წარმატებული საბანკო რეფორმის ავტორად ითვლება. იგი 1952 წელს ქ. სტამბულში დაიბადა. სურეია სერდენგეჩთი თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკში 1980 წლიდან მუშაობს. მას ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პოსტი 2001 წლის მარტიდან უკავია. სურეია სერდენგეჩთის მმართველობის პერიოდში თურქეთის რესპუბლიკაში წარმატებული ფულადი რეფორმა განხორციელდა.   ვიზიტის პირველ დღეს თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი შეხვდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძესა და საბჭოს წევრებს, გაეცნო საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში დაცულ მრავალსაუკუნოვანი ქართული ფულის ექსპონატებს, ეწვია თურქული კომერციული ბანკის „ზირაათ ბანკის“ თბილისის ოფისს, შემდეგ ქართველ კოლეგასთან ერთად საქართველოში მოქმედი თურქული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.   ვიზიტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან.
სხვა სიახლეები