თბილისში ჩატარდა ფორუმი „ინვესტიციები საქართველოს საბანკო სექტორში“

თბილისში ჩატარდა ფორუმი „ინვესტიციები საქართველოს საბანკო სექტორში“

01 ივნისი, 2007
სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“ გაიმართა ფორუმი „ინვესტიციები საქართველოს საბანკო სექტორში“, რომელიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელობითა და საქართველოს ეროვნული ბანკის თანაორგანიზებით მოეწყო. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და უცხოეთის წამყანი საფინანსო სტრუქტურების წარმომადგენლებმა.   ფორუმი გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა. „დღევანდელი შეხვედრა ორიენტირებულია საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ ბანკებზე. აქ იმყოფება 20 საერთაშორისო ბანკის წარმომადგენლები. ვიმედოვნებთ, ისინი დაინტერესდებიან საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მზარდი – საბანკო სექტორით და განახორციელებენ ინვესტიციებს ამ სფეროში. მოსალოდნელი 700 მილიონი დოლარის ინვესტირება – ეს არის საქართველოში უკვე შემოსული ბანკების დამატებითი ინვესტიციები უცხოეთიდან. საქართველოში სხვა ბანკების შემოსვლაც იგეგმება. ბუნებრივია, ჩვენ ვიცით ეს ბანკები და აქტიურად ვმუშაობთ მათთან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა.   ფორუმის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე. მისი თქმით, „უცხოური კაპიტალი ქმნის საქართველოში ეკონომიკური ზრდის საფუძველს, რაც, საბოლოო ჯამში, ცხოვრების გაუმჯობესებასა და თითოეული ოჯახის შემოსავლებს დაეტყობა“. რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ საბანკო სისტემაში გაგრძელდება ქართული ბანკების კონსოლიდაციის პროცესი. ზოგიერთ უცხოელ ინვესტორს სურს, იყიდოს მნიშვნელოვანი წილი ქართულ ბანკებში, ხოლო ზოგიერთს კი – სრულიად ახალი ბანკი ჩამოაყალიბოს.   „საქართველოს აქვს სტაბილური პოლიტიკური წონა მსოფლიოში, ვინაიდან პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე უცხოური ინვესტორები არცერთ ქვეყანაში არ შედიან და, თუ ჩვენს სახელმწიფოში გუშინ ესა თუ ის ქონება ღირდა ერთი მილიონი, დღეს ის იყიდება 100 და მეტ მილიონ დოლარად. ეს არის ყველაზე კარგი ინდიკატორი იმისა, თუ როგორ იზრდება ქვეყნის პოლიტიკური წონა. მეორე ფაქტორია ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა. რაც შეეხება საბანკო სექტორში მიღწეულ პროგრესს, ეს არის სწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკისა და გამართული რეგულირების შედეგი, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი. ქართულ ბანკებში არის გამჭვირვალეობა და კარგი რეპუტაცია“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.   ფორუმის მონაწილეების წინაშე გამოვიდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ალექსი ალექსიშვილი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი არველაძე, სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში კახა ბენდუქიძე, ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და საქართველოს კომერციული ბანკების წარმომადგენლები.  
სხვა სიახლეები