თბილისში სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მაღალი რანგის ფორუმი გაიმართება
07 ივნისი, 2005
2005 წლის 11-12 ივნისს თბილისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნიდერლანდების ჯგუფის წევრი ქვეყნების, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველთა და ალტერნატიულ მმართველთა სამუშაო შეხვედრა გაიმართება. საქართველოში პირველად ტარდება ამ ტიპის ფორუმი, რომელსაც სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებელი როდრიგო დე რატო დაესწრება.ფორუმზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებელი და ნიდერლანდების ჯგუფის წევრი ქვეყნების ცენტრალური ბანკების, ფინანსთა სამინისტროების პირველი პირები საქართველოს პრეზიდენტს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებს შეხვდებიან.9-11 ივნისს დაგეგმილია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან იერუნ კრემერსთან, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან შიგეო კაცუსთან, ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრთან გერიტ ზალმთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან მოშინ ხანთან. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნიდერლანდების ჯგუფის წევრი ქვეყნები არიან: ნიდერლანდები, საქართველო, ისრაელი, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა, სომხეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, მაკედონია, მოლდოვა, კვიპროსი.