თბილისში საბანკო ზედამხედველობის საკითხებზე სემინარი გაიმართება

თბილისში საბანკო ზედამხედველობის საკითხებზე სემინარი გაიმართება

21 აპრილი, 2008

22 აპრილს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება სემინარი კომერციული ბანკების ტოპ-მენეჯერების, რისკების მართვის დეპარტამენტების ხელმძღვანელებისა და სპეციალისტებისთვის თემაზე - „რისკების მართვა და ბაზელი II". ღონისძიებას, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს ორგანიზებით, აწყობს ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია (FMO). სემინარს უშუალოდ გაუძღვებიან:  ქრის ვან კემპენი, ბანკ ABN Amro-ს რისკების ზედამხედველობის სამსახურის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის უფროსი და სიბილ ბიდლი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური ინსტიტუტების დეპარტამენტის წამყვანი ბანკირი.

სემინარის პრობლემატიკა, ძირითადად,  კომერციული ბანკების საქმიანობაში საკრედიტო და სხვა რისკების შემცირებას უკავშირდება. 2009 წლიდან ევროპის ბანკები რისკების მართვის ახალ სისტემაზე უნდა გადავიდნენ, რომლის მოთხოვნები ე.წ. „ბაზელი II"-ს შეთანხმებაშია ჩამოყალიბებული. სემინარზე საუბარი წარიმართება კაპიტალის ღირებულების შეფასების, პრაქტიკული საკრედიტო ციკლის მართვის, ბანკების საქმიანობაში რისკ-ოფიცრების როლის შესახებ და სხვა საკითხებზე. 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის დავით ამაღლობელის განცხადებით, „მართალია, საქართველოში ბანკების ზედამხედველობა დაფუძნებულია „ბაზელი I"-ის პრინციპებზე, მაგრამ უკვე აუცილებელია მუშაობის დაწყება იმისათვის, რომ „ბაზელი II"-ის სისტემაზე გადავიდეთ. „ბაზელი II", რომელიც წარმოადგენს საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციებს, 2004 წლის ივნისში გამოქვეყნდა და მას შემდეგ ბევრმა ქვეყანამ დაიწყო საკუთარი საბანკო ზედამხედველობის რეგულირების ამ ახალ პრინციპებზე გადასვლა. ფინანსური სტაბილურობის ინსტიტუტის მონაცემებით, 2015 წლამდე დაახლოებით, 95 ქვეყნის რეგულატორი ამა თუ იმ ფორმით განახორციელებს „ბაზელი II"-ს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომაც დროულად დაიწყოს „ბაზელი II"-ის პრინციპების განხორციელებაზე მუშაობა, ვინაიდან ამ ახალი სისტემის დანერგვა ძალზედ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია. ვფიქრობ, რომ აღნიშნული კონფერენცია ხელს შეუწყობს კონკრეტული გეგმის დასახვას საქართველოში „ბაზელი II"-ის დანერგვის დაწყებასთან დაკავშირებით."

სხვა სიახლეები