თბილისში საბანკო ზედამხედველობის საკითხებზე სემინარი გაიმართა

თბილისში საბანკო ზედამხედველობის საკითხებზე სემინარი გაიმართა

22 აპრილი, 2008

22 აპრილს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა სემინარი კომერციული ბანკების ტოპ-მენეჯერების, რისკების მართვის დეპარტამენტების ხელმძღვანელებისა და სპეციალისტებისთვის თემაზე - "რისკების მართვა და ბაზელი II". ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს ორგანიზებით და ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის (FMO) დაფინანსებით ჩატარდა. სემინარს დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ღლონტი და საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გიორგი ქადაგიძე.

სემინარის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ ქრის ვან კემპენი, ბანკ ABN Amro-ს რისკების ზედამხედველობის სამსახურის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის უფროსი და სიბილ ბიდლი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური ინსტიტუტების დეპარტამენტის წამყვანი ბანკირი.

სემინარის მონაწილეების წინაშე გამოსვლისას, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ღლონტმა ხაზი გაუსვა საქართველოს საბანკო ზედამხედველობის "ბაზელი II"-ის სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველოში მისი დანერგვა 2011 წლისათვისაა დაგეგმილი.

სემინარის პრობლემატიკა, ძირითადად,  კომერციული ბანკების საქმიანობაში საკრედიტო და საოპერაციო რისკების მართვას უკავშირდება. 2009 წლიდან ევროპის ბანკები რისკების მართვის ახალ სისტემაზე უნდა გადავიდნენ, რომლის მოთხოვნები ე.წ. "ბაზელი II"-ის შეთანხმებაშია ჩამოყალიბებული. სემინარზე საუბარი წარიმართა კაპიტალის ღირებულების შეფასების, პრაქტიკული საკრედიტო ციკლის მართვის, ბანკების საქმიანობაში რისკ-ოფიცრების როლის შესახებ და სხვა საკითხებზე. 

"ბაზელი II", რომელიც წარმოადგენს საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციებს, 2004 წლის ივნისში გამოქვეყნდა და მას შემდეგ ბევრმა ქვეყანამ დაიწყო საკუთარი საბანკო ზედამხედველობის რეგულირების ამ ახალ პრინციპებზე გადასვლა. ფინანსური სტაბილურობის ინსტიტუტის მონაცემებით, 2015 წლამდე დაახლოებით, 95 ქვეყნის რეგულატორი ამა თუ იმ ფორმით განახორციელებს "ბაზელი II"-ს რეკომენდაციებს.

სხვა სიახლეები