თბილისში კავკასიის ქვეყნების საბანკო კონფერენცია გაიხსნა
17 მაისი, 2007
თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მუშაობას შეუდგა კავკასიის ქვეყნების მეორე საერთაშორისო კონფერენცია – „ბანკები და ფინანსები“, რომლის ოფიციალურ გახსნას დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე და ფინანსთა მინისტრი ალექსი ალექსიშვილი, ასევე საქართველოს საბანკო წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციის მონაწილეთა წინაშე გამოსვლისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ საქართველოს საბანკო-საფინანსო სისტემა ორი მთავარი სიტყვით – ნდობითა და სტაბილურობით შეაფასა. მისი განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა ენდობა საბანკო სექტორს, რომელმაც განსაკუთრებით ბოლო ორი წლის მანილზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.
„მხოლოდ 2007 წელს ჩვენ საქართველოს საბანკო სექტორში 600-700 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას ველოდებით, მაგრამ არა მხოლოდ საქართველოში შემოდიან უცხოური ბანკები, არამედ სახეზეა სხვა ტენდენციაც, ქართული ბანკები გადიან უცხოეთის ბაზრებზე – ერთი ქართული საფინანსო ინსტიტუტი უკრაინაში იძენს ადგილობრივ ბანკს, მეორე კი – აზერბაიჯანში“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
რომან გოცირიძემ ასევე დაათვალიერა ანალოგიური სახელწოდების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს წამყვანი ბანკების უახლესი პროექტები, საკრედიტო შესაძლებლობები და ინფორმაცია სადაზღვევო და სალიზინგო კომპანიების სერვისის თაობაზე.
კონფერენცია და გამოფენა „ბანკები და ფინანსები“ 18 მაისამდე გაგრძელდება.
საერთაშორისო კონფერენცია და გამოფენა „ბანკები და ფინანსები“ ტარდება საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, საქართველოს ბანკების ასოციაციის, აზერბაიჯანის ბანკების ასოციაციის. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, აზერბაიჯანის ინვესტიციებისა და ექსპორტის განვითარების ფონდის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და რუსეთის ბანკების ასოციაციის ოფიციალური მხარდაჭერით.