თბილისში ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრი აშენდება

თბილისში ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრი აშენდება

09 სექტემბერი, 2010

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ და დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრის მშენებლობა გახსნეს.

ევროსტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ახალ საკასო ცენტრში დაინერგება ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვისა და ცენტრალიზებული კონტროლის მაღალტექნოლოგიური პროგრამები. ამავდროულად, დაიხვეწება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ეკონომიკის ფულის ნიშნებით უზრუნველყოფის, მიმოქცევიდან მოძველებული და ყალბი ფულის ამოღების პროცესი, მაქსიმალურად გაუმჯობესდება საკასო ოპერაციებთან დაკავშირებული პერსონალის შრომის პირობებიც.

„დსთ–ს სივრცეში საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი საკასო ცენტრი აშენდება. ჩვენ თანმიმდევრული ნაბიჯებით მივდივარ იქითკენ, რომ თბილისი გახდეს რეგიონის ფინანსური ცენტრი. ამ მიზნის მისაღწევად გავატარეთ არაერთი ინსტიტუციონალური რეფორმა. რეფორმების წარმატებისათვის აუცილებელია მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, რათა ფინანსურმა სექტორმა, ბანკებმა იმუშაონ გამართულად, ბარიერებისა და რთული პროცედურების გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ ის ტექნოლოგიური დანადგარები რომლითაც ახალი საკასო ცენტრი იქნება აღჭურვილი, მინიმუმამდე ამცირებს მიმოქცევაში გაცვეთილი ან ყალბი ფულის ნიშნების არსებობის რისკებს“ – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრი თბილისში კახეთის გზატკეცილზე შენდება და მისი დასრულება 2012 წლისთვისაა დაგეგმილი. 

სხვა სიახლეები