თბილისის ბანკთაშორისმა სავალუტო ბირჟამ ზემო აფხაზეთს ავტომანქანები საჩუქრად გადასცა
08 მაისი, 2007
თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟამ, რომლის დამფუძნებლები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოში მოქმედი 10 კომერციული ბანკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ზემო აფხაზეთის რეგიონის საჭიროებისათვის სამი („ჯიპის“ მარკის) ორ-ხიდიანი ავტომანქანა გადასცა. ცერემონია საქართველოს ეროვნული ბანკის შენობის წინ გაიმართა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს მალხაზ აკიშბაიას ავტომანქანების გასაღებები გადასცა.
ავტომანქანების გადაცემის ცერემონიას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჯგუბურია, საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია, თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თედო ჟორჟოლიანი და გენერალური დირექტორი უჩა ხუციშვილი დაესწრნენ.
„ზემო აფხაზეთი საგზაო პირობებისა და რელიეფური სპეციფიკის გამო, ერთ-ერთი ყველაზე რთული ზონაა საქართველოში. კოდორის ხეობაში მრავლადაა ისეთი ადგილი, სადაც მძიმე ტექნიკის გამოყენების გარეშე გადაადგილება შეუძლებელია. ამდენად, თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის გადაწყვეტილება, რეგიონისათვის ორხიდიანი ავტომანქანების შეძენის თაობაზე, ზემო აფხაზეთის მოსახლეობას აუცილებლად წაადგება,“– განაცხადა ავტომანქანების გადაცემისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ მალხაზ აკიშბაიამ საქართველოს ეროვნული ბანკისა და თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ხელმძღვანელობას საჩუქრისათვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, „საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან ეს პირველი ნაბიჯი არ არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდასაჭერად, მათ უკვე გადმოგვცეს კომპიუტერული ტექნიკა და მიკროავტობუსი, რომლებიც მიზანმიმართულად გამოიყენება“.