ვალუტის გადაცვლის საქმიანობისათვის საქართველოში მოქმედი სალიცენზიო მოსაკრებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია

ვალუტის გადაცვლის საქმიანობისათვის საქართველოში მოქმედი სალიცენზიო მოსაკრებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია

02 მარტი, 2006
ლატვიაში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების სალიცენზიო გადასახადი დაახლოებით 17 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი გახდა.   მიმდინარე წლის 23 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის ზედამხედველობის წესი“. მისი ამოქმედებით აღნიშნული სახის სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად აუცილებელი პროცედურები მნიშვნელოვნად გამარტივდა და ნაკლებ დანახარჯსაც მოითხოვს, რაც მასტიმულირებელ ფაქტორად იქცა ბაზარზე ახალ მონაწილეთა გამოჩენისთვის. კერძოდ, 2006 წლის 23 იანვრიდან 28 თებერვლამდე ეროვნულ ბანკში შესაბამისი ლიცენზიის მაძიებლის 48 განცხადება შემოვიდა, რაც 152%-ით აღემატება შარშანდელ ანალოგიურ პერიოდში შემოსული განაცხადების რაოდენობას. აქედან, 27 მაძიებელზე დოკუმენტაციის განხილვის შედეგად ლიცენზია უკვე გაიცა.   დღეს საქართველოში ვალუტის გადაცვლის საქმიანობისათვის ლიბერალური პირობები არსებობს, ხოლო ამ ტიპის სალიცენზიო მოსაკრებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. ვალუტის გადაცვლის ოპერაციის საწარმოებლად სალიცენზიო გადასახადი საქართველოში 50 ლარს შედგენს, ამასთან, ლიცენზიის მოქმედება ვადაში შეზღუდული არ არის. შედარებისთვის, ლატვიაში, სადაც ახლახან მიღებული იქნა ახალი, უფრო მკაცრი წესები,  ლიცენზია  არსებული 1 800 ლატიდან 10 000 ლატამდე (30 ათას ლარზე მეტი) გაძვირდება, ხოლო მისი მოქმედების ვადის გაგრძელება  - 180 ლატიდან 1000 ლატამდე (3 ათას ლარზე მეტი).   სალიცენზიო მოსაკრებლის  სიმცირის გარდა, მნიშვნელოვნად არის გამარტივებული ვალუტის გადაცვლის საქმიანობის წარმოება. მანამდე მოქმედი წესის მიხედვით, ამ სახის საქმიანობისათვის არსებული საკმაოდ მკაცრი სალიცენზიო პირობები ხელს უწყობდა ბაზარზე არალიცენზირებული პუნქტების მომრავლებას.
სხვა სიახლეები