ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა კიდევ უფრო გამარტივდა

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა კიდევ უფრო გამარტივდა

04 სექტემბერი, 2006
საქართველოს საფინანსო ბაზარზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირება კიდევ უფრო გამარტივდა. 2006 წლის 31 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად საქმიანობის დასაწყებად უკვე მხოლოდ ექვსი კვადრატული მეტრის ფართობია საჭირო.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით “ეროვნული ბანკი წელს უკვე მეორედ ღებულობს მსგავს გადაწყვეტილებას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს ამ სახის სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად აუცილებელ პროცედურებს და შეამცირებს ხარჯებს. ვფიქრობ, ეს მასტიმულირებელ ფაქტორად გადაიქცევა ბაზარზე ახალი მონაწილეების გამოჩენისა და რაც უმთავრესია ხელს შეუწყობს ამ სფეროს ლეგალიზებას.”   მიმდინარე წლის იანვრამდე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის გასახსნელად აუცილებელი ფართობის მოცულობა საქართველოში 18 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. ეს მოთხოვნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 11 იანვრის ბრძანების თანახმად 10 კვადრატულ მეტრამდე დავიდა. ახალი ბრძანებით კი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის გასახსნელად აუცილებელი ფართობის მოცულობა უკვე 6 კვადრატულ მეტრამდე შემცირდა.   2006 წლის 1 იანვრამდე საქართველოში მოქმედებდა ვალუტის გადამცვლელი 556 ლიცენზირებული პუნქტი. 1 სექტემბრისათვის ეს მაჩვენებელი 637 ერთეულს შეადგენს, რაც, ძირითადად, არალეგალურად მომუშავე ულიცენზიო პუნქტების ლეგალიზების შედეგად გაიზარდა.      დღეს საქართველოში ვალუტის გადაცვლის საქმიანობისათვის ლიბერალური პირობები არსებობს, ხოლო ამ ტიპის სალიცენზიო მოსაკრებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. ვალუტის გადაცვლის ოპერაციის საწარმოებლად სალიცენზიო გადასახადი საქართველოში 50 ლარს შედგენს, ამასთან, ლიცენზიის მოქმედება ვადაში შეზღუდული არ არის. 
სხვა სიახლეები