ვალუტის გადამცვლელი არალეგალური პუნქტების მიმართ სანქციები დაწესდება
06 თებერვალი, 2006
ვალუტის გადამცვლელ არალეგალურად მომუშავე პუნქტებს საქმიანობის კანონის ჩარჩოებში მოსაქცევად ვადა მხოლოდ 15 თებერვლამდე აქვთ. ამ თარიღის გასვლის შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკი არალეგალური პუნქტების მიმართ კანონით დადგენილ სანქციებს მიმართავს.
ერთი თვის წინ ძალაში შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომლის საფუძველზეც ვალუტის გადამცვლელი პუნქტების გასხნა მნიშვნელოვნად გაადვილდა. კერძოდ, ორჯერ შემცირდა სავალუტო პუნქტის გახსნისათვის აუცილებელი ფართობი; გარდა ამისა, მნიშვნელოვნად შეიზღუდა ლიცენზიის გაცემის ვადა; გაუქმდა ეროვნული ბანკიდან დასკვნა სალაროს მზადყოფნის თაობაზე. პუნქტის გასახსნელად აღარ იქნება აუცილებელი ცნობა კომერციული ბანკიდან ანგარიშის შესახებ, ასევე ბიზნესგეგმის წარდგენა და სალაროსათვის მხოლოდ ერთი ფანჯრის არსებობა.
„ძალაში დარჩა მხოლოდ ისეთი სახის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყალბი ფულის მიმოქცევის აღკვეთას და ამ მხრივ მოსახლეობის დაცვას“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მთლიანად საქართველოში ვალუტის გადამცვლელი 556 ლიცენზირებული პუნქტი მოქმედებს. აქედან, 393 თბილისშია განთავსებული. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში 130 პუნქტი ლიცენზიის გარეშე საქმიანობს.