ეროვნულ ბანკში ხარისხის მართვის სისტემის სემინარი გაიმართა

ეროვნულ ბანკში ხარისხის მართვის სისტემის სემინარი გაიმართა

17 თებერვალი, 2006
17 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის საკონფერენციო დარბაზში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ეგიდით ბიზნეს ასოციაციების, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებისათვის ჩატარდა სემინარი თემაზე: „ISO 9000 და ხარისხის მართვის სისტემა“.   მთავარმა მომხსენებელმა, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) სპეციალისტმა ლადა ჰეკალამ ისაუბრა მსოფლიოში მოქმედ სტანდარტებზე, ხარისხის მართვის პრინციპებსა და სერთიფიცირების პროცესის ეტაპებზე, კერძოდ, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველაზე ცნობილ ISO 9000 და ISO 14000 სერიის სტანდარტებზე, რომელსაც ბიზნეს გარიგებებში 154 ქვეყნის 750 ათასზე მეტი ორგანიზაცია იყენებს.   ლადა ჰეკალამ ყურადღება გაამახვილა იმ უპირატესობებზე, რაც ხარისხის მართვის სისტემის დანერგვას მოაქვს კომპანიებისათვის. მისი თქმით, ამ სისტემის მეშვეობით კომპანიაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება შრომისნაყოფიერება, გაადვილდება ბაზარზე ადგილის დამკვიდრება და შენარჩუნება, ისეთი მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოება და მომსახურების გაწევა, რომელიც მთლიანად დააკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს.   „ჩვენი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტიზაციის საერთაშორისო ნორმები კლიენტის ინტერესის დაკმაყოფილებას ითვალისწინებს –  ხარისხი არის კომპანიის უნარი დააკმაყოფილოს კლიენტი“ – განაცხადა ლადა ჰეკალამ.   მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი, რომელსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსი ახორციელებს, დახმარებას უწევს ბიზნეს ასოციაციებს საქართველოში სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტების ნორმების დამკვიდრებაში. ყოველივე ამან ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას უნდა შეუწყოს ხელი. ბიზნეს ასოციაციების თვითსერთიფიცირება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.   საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, დაარსდა 1964 წელს დევიდ როკფელერის მიერ მთელ მსოფლიოში ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობის მიზნით. საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსს განხორციელებული აქვს 24000 ტექნიკური და საკონსულტაციო პროექტი 120-ზე მეტ ქვეყანაში.   *ISO 9000 სერიის სტანდარტი საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტების, ტექნიკური ჩანაწერებისა და სახელმძღვანელოების ერთობლიობას წარმოადგენს ხარისხის მენეჯმენტსა და უზრუნველყოფაში.      *ISO 14000 სერიის სტანდარტი მოიცავს გარემოს დაცვის მართვის ღონისძიებებს, ამცირებს კომპანიების საქმიანობით გამოწვეულ მავნე ზემოქმედებას გარემოზე.
სხვა სიახლეები