ეროვნულ ბანკში „საქართველოს საგადამხდელო სისტემების განვითარების კომიტეტის“ სხდომა გაიმართა
03 ივნისი, 2005
საქართველოს საგადამხდელო სისტემების მართვის ეროვნული კომიტეტის“ სტრუქტურა და დასახელება შეიცვალა. მას „საქართველოს საგადამხდელო სისტემების განვითარების კომიტეტი“ ეწოდა, რომლის პირველი სხდომა 2 ივნისს საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა.
კომიტეტის თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის გიორგი ღლონტის განცხადებით, საქართველოს საგადამხდელო სისტემების შემდგომი სრულყოფის, განვითარებისა და მაქსიმალური ეფექტიანობის მიღწევის მიზნით, 2002 წელს ჩამოყალიბებულ „საქართველოს საგადამხდელო სისტემების მართვის ეროვნული კომიტეტის“ საქმიანობის ფორმასა და სახელწოდებაში გარკვეული კორექტირება მოხდა. არსებულ კომიტეტსა და მასთან ერთად ფუნქციონირებად სამუშაო ჯგუფს შორის ფუნქციათა განაწილება არაეფექტური იყო, რამაც კვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული ახალი კომიტეტის შექმნა განაპირობა, რომლის შემადგენლობაში შედიან ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების, საფონდო და ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო და საგადასახადო სამსახურის, „ჯორჯიან ქარდისა“ და საფინანსო კორპორაცია „იუ-ეფ-სის“ შესაბამისი სტრუქტურების სპეციალისტები.
გიორგი ღლონტის ინფორმაციით, კომიტეტის საქმიანობის მიზანია საგადამხდელო სისტემების საბოლოო მომხმარებლისთვის მომსახურების გაიაფება და ხელმისაწვდომობის გაიოლება. ქვეყნის საფინანსო სისტემისთვის კი მნიშვნელოვანია სერვისის დაბალი თვითღირებულება და საიმედოობის მაღალი ხარისხი. ღლონტის თქმით, კომიტეტმა ბანკთაშორის ანგარიშსწორებაში ეფექტიანი ალტერნატიული სისტემების დანერგვის მიმართულებით უნდა იმუშაოს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საგადამხდელო სისტემების საერთაშორისო სისტემაში ინტეგრაციას.
კომიტეტმა ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის, პლასტიკური ბარათებით გადახდის, კლირინგის და ავტომატური ოვერდრაფტების ანგარიშსწორების სისტემის შემდგომ განვითარებასა და კრიზისულ სიტუაციაში რისკების მართვის აუცილებლობაზეც იმსჯელა.
„საქართველოს საგადამხდელო სისტემების განვითარების კომიტეტმა“ 2 ივნისის სხდომაზე „საქართველოს უნაღდო ანგარიშსწორების წესებისა“ და „საგადახდო პლასტიკური ბარათებით ოპერაციის წარმოების შესახებ“ დებულების პროექტების სამუშაო რეჟიმში განხილვა დაიწყო. აღნიშნული პროექტების თაობაზე წინადადებებსა და შენიშვნებს კომიტეტის წევრები ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგენენ.