ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მართვის უსაფრთხო და თანამედროვე სისტემა დანერგა
საერთაშორისო რეზერვების მართვის ახალი სისტემის დანერგვით დასრულდა ეროვნული ბანკის სისტემური და ინფრასტრუქტურული რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპი. ახალი სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში კენტ ლოგსდონმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
ეროვნულ ბანკში სისტემური რეფორმების აქტიური ფაზა 2008 წლიდან დაიწყო. 2009 წელს აშშ–ის განვითარების სააგენტომ საქართველოს ეროვნულ ბანკს 3.29 მლნ აშშ დოლარის გრანტი გამოუყო, ეს იყო დახმარება საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემური და ინსტიტუციონალური განვითარებისათვის. ერთდროულად დაიწყო რამდენიმე მასშტაბური პროექტის განხორციელება, რაც რადიკალურად ცვლიდა ანგარიშსწორების, საგადახდო, ფასიანი ქაღალდების და საერთაშორისო რეზერვების მართვის სისტემებს.
„უნდა აღვნიშნო, რომ მაშინ ყველას, მათ შორის ჩვენს ამერიკელ კოლეგებსა და მეგობრებსაც ზედმეტად ოპტიმისტურად და ამბიციურად ეჩვენებოდათ ჩვენი გეგმა. თუმცა, დღეს საერთაშორისო რეზერვების მართვის სისტემის დანერგვით პროცესი მთლიანად დასრულდა. ეს სისტემა მსოფლიოს 30 განვითარებულ ქვეყანაში არსებობს და განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი არის პირველი ცენტრალური ბანკი, რომელმაც ასე სწრაფად, წელიწადნახევარში დანერგა სისტემა“, – განაცხადა ბრიფინგზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 2.7 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. დადგა დახვეწილი, მთლიანი საინვესტიციო ციკლის ავტომატიზებული მართვის სისტემების დანერგვის აუცილებლობა. საერთაშორისო რეზერვების მართვის ახალი სისტემა უზრუნველყოფს ოპერატიულობას და ეფექტურობას, ამცირებს საოპერაციო რისკებს და ზრდის რეზერვების შემოსავლიანობას.
„საერთაშორისო რეზერვების მართვის სისტემის წარმატებულად დანერგვა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ახალი სისტემა არის გარანტი იმისა, რომ საქართველოს საერთაშორისო რეზერვების უსაფრთხოება და მართვა შეესაბამება სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების სისტემას“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კენტ ლოგსდონმა.
საერთაშორისო რეზერვების მართვის სისტემის დანერგვაში ეროვნულ ბანკს დახმარებას უწევდა აშშ-ის ხაზინის ექსპერტი, მსოფლიო ბანკი, ჰოლანდიის ცენტრალური ბანკი. ანალოგიური სისტემა მუშაობს 30 ცენტრალურ ბანკში, მათ შორის: გერმანიის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, იტალიის, ისრაელის, პოლონეთის ცენტრალურ ბანკებში.