ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო კონფერენციას „დაკრედიტების მდგრადი ზრდა კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ევროკავშირის მოსაზღვრე ქვეყნებში“ უმასპინძლა

ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო კონფერენციას „დაკრედიტების მდგრადი ზრდა კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ევროკავშირის მოსაზღვრე ქვეყნებში“ უმასპინძლა

16 აპრილი, 2010

კონფერენცია საქართველოს ეროვნული ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა და მასში 12 სახელმწიფოს ფინანსთა სამინისტროსა და ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კონფერენციაზე წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა, საქართველოს მთავრობისა და ქართულ საბანკო სექტორთან ერთად განიხილეს მსოფლიო საფინანსო პოლიტიკის ტენდენციები და კრიზისის შემდგომ პერიოდში მოქმედებათა გეგმა დასახეს.

„მოხარული ვარ, რომ რეგიონალურ პარტნიორებსა და კოლეგებს ვუმასპინძლეთ. საკითხები, რომელიც დღევანდელ კონფერენციაზე განვიხილეთ ძალიან დროული და აქტუალურია საქართველოსათვის, შეხვედრაზეც აღინიშნა და გავიმეორებ, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღებას იწყებს. 2009 წლის ბოლო კვარტალში, პირველად წელიწადნახევრიანი რეცესიის შემდეგ დაფიქსირდა მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის 0,4 % – იანი ზრდა. ამას მოწმობს სარეიტინგო კომპანიების ბოლო შეფასებებიც. მიუხედავად ამისა, ჩვენს წინაშე კიდევ ბევრი ამოცანაა შესასრულებელი, ეკონომიკური განვითარების, საკრედიტო აქტივობის ზრდის მიმართულებით.

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რის შესახებაც დღევანდელ კონფერენციაზე ვისაუბრეთ, გახლავთ „ლარიზაცია“ – ამ ეტაპზე ეს არის ეროვნული ბანკის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა. ლარიზაცია მიზნად ისახავს ლარის ფულადი ბაზრის განვითარებას. კრიზისმა აჩვენა, რომ დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი ქვეყნებს განსაკუთრებულ გამოწვევებს უქმნის, რაზეც დაუყოვნებლივი რეაგირებაა საჭირო“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

„კონფერენცია ნამდვილად წარმატებულია, ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა მოხდა რეგიონში ბოლოდროინდელი საკრედიტო ბუმისა და ვარდნის დროს, ყოველივე ამის შესაბამისად  გაძლიერდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის დარგობრივი პოლიტიკის სფეროში გაკეთებული რეკომენდაციები მაკროეკონომიკურ და ფინანსურ სექტორებში. საქართველოში ბევრი ეფექტური ნაბიჯი გადაიდგა კრიზისის დაძლევის თვალსაზრისით კრიზისის შემდგომი პერიოდში და ეს უკვე ეტყობა ქვეყნის ეკონომიკასაც“, – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ დევიდ ოუენმა.

დღევანდელ კონფერენციაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა გაკეთდა: ბევრ ქვეყანაში არამდგრადი საკრედიტო ბუმის შემდეგ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კრედიტ-დაბანდებამ მკვეთრად იკლო. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საბანკო სექტორში ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად დადგინდა, რომ კრედიტ-დაბანდების კლება გამოწვეული იყო ბაზარზე როგორც მიწოდების ასევე მოთხოვნის კლებით. ბანკებმა გაამკაცრეს დაკრედიტების ნორმები, თუმცა პოტენციური მსესხებლების მოთხოვნაც შემცირებული იყო, რადგან კომპანიები კაპიტალურ ინვესტიციებს აღარ ახორციელებდნენ. ჯერ კიდევ თებერვალში ბანკები განაგრძობდნენ საკრედიტო პირობების გამკაცრებას, თუმცა სიმკაცრის ხარისხი წინა წელთან შედარებით  უფრო მსუბუქი იყო. სამომავლოდ ბევრი ბანკი ელის საკრედიტო რესურსებზე მოთხოვნის ზრდას, თუმცა შედარებით მცირე მათგანი ელის საკრედიტო პირობების შემსუბუქებას.

კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა ვარიანტი მოკლევადიან პერიოდში კრედიტ-დაბანდების გამოსაცოცხლებლად, ცენტრალური ბანკის ლიკვიდურობის გასამყარებელი ინსტრუმენტებისა და საკრედიტო გარანტიებით რისკის ფაქტორების გაზიარების მექანიზმების ჩათვლით. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია პრობლემური სესხების საკითხის დარეგულირება უშუალოდ ბანკების ბალანსებში და საჭიროების შემთხვევაში - ბანკების რეკაპიტალიზაცია. კონფერენციაზე კიდევ ერთი საერთო აზრი გამოითქვა იმის თაობაზე, რომ საკრედიტო ბიუროების უკეთესი გამოყენებით და ბანკებში რისკის მართვის გაუმჯობესებული მექანიზმებით დაიხვეწება მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დაფინანსება.

ამასთანავე, კონფერენციის ბევრმა მონაწილემ აღნიშნა ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების აქტუალურობა. მათი მოსაზრებით, ეს შექმნის დაფინანსების უფრო სტაბილურ საფუძველს კრედიტ-დაბანდებისთვის და დოლარიზაციის დონის მინიმუმამდე დაყვანის სტიმულირებისთვის. ადგილობრივ ვალუტაში კაპიტალური ბაზრების განვითარება საჭიროებს მხარდამჭერი პოლიტიკის არსებობას, რაც გულისხმობს სტაბილურად დაბალ ინფლაციას, მოქნილ გაცვლით კურსს და სახელმწიფო სექტორში ვალის ადგილობრივ ვალუტაში გადაყვანას.

კონფერენციის დასასრულს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის უფროსის მრჩეველმა პიროსკა ნეგიმ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონალური დირექტორის მოადგილემ რატნა საჰაიმ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დღევანდელი შეხვედრა შეაჯამეს და ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხეს.

„მიგვაჩნია, რომ კონფერენცია წარმატებული იყო, რადგან მოვახერხეთ ჩვენი ცოდნის გაღრმავება იმის შესახებ, თუ რა მოხდა ბოლოდროინდელი საკრედიტო ბუმისა და ვარდნის დროს რეგიონში. ყოველივე ამის შესაბამისად გაძლიერდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის დარგობრივი პოლიტიკის სფეროში გაკეთებული რეკომენდაციები მაკროეკონომიკურ და ფინანსურ სექტორებში პოლიტიკის საკითხებზე. მივესალმებით საკრედიტო პირობების გაუმჯობესებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდი გააგრძელებს რეგიონის ქვეყნების მხარდაჭერას ფინანსური სექტორის სუსტი მხარეების აღმოსაფხვრელად და განგრძობადი ეკონომიკური განვითარების გასაძლიერებლად“, – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ რატნა საჰაიმ. 

„რეგიონში კრედიტ-დაბანდების ზრდის თანადროულად უნდა წახალისდეს ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარება. საზოგადოებისადმი ინფორმაციის მიწოდება, ბანკის კრედიტ-დაბანდების დაზღვევა და რისკის მართვის ტექნიკა შესაძლებელს გახდის დაკრედიტების გაზრდას – მათ შორის მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისადმი. ადგილობრივი სავალუტო ბაზრების განვითარება შეამცირებს კრიზისამდე წარმოქმნილ სისუსტეებს, რაც გამოხატული იყო საკრედიტო რესურსების ადგილობრივი დაფინანსების წყაროების სიმცირით და უცხოურ ვალუტაში სესხებზე ზედმეტი დამოკიდებულებით. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შეუძლიათ ამ პროცესის მხარდაჭერა სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად”,  – განაცხადა პრესკონფერენციაზე ევრობანკის უფროსმა მრჩეველმა პიროსკა მ. ნეგიმ.

სხვა სიახლეები