ეროვნული ბანკი ინტერვენციებს სავალუტო აუქციონების მეშვეობით განახორციელებს

ეროვნული ბანკი ინტერვენციებს სავალუტო აუქციონების მეშვეობით განახორციელებს

26 მაისი, 2009

2009 წლის 25 მაისიდან საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს მხოლოდ სავალუტო აუქციონების მეშვეობით განახორციელებს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი არ გულისხმობს გაცვლითი კურსის პოლიტიკის ცვლილებას, არამედ ითვალისწინებს მხოლოდ სავალუტო ბაზრის მოწყობის საოპერაციო ჩარჩოს მოდიფიკაციას. ამასთან, დღეიდან ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა მოხდება არა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე დაფიქსირებული გაცვლითი კურსის მიხედვით, არამედ ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში დარეგისტრირებული გარიგებების გათვალისწინებით.

„დაგეგმილი ცვლილება არ გულისხმობს საკურსო პოლიტიკის გადახედვას. ეროვნული ბანკი კვლავაც განაგრძობს მართვადი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმში ფუნქციონირებას, რომლის ფარგლებშიც გაცვლითი კურსის დადგენა მოხდება მნიშვნელოვანწილად საბაზრო მექანიზმების საშუალებით, ხოლო დროდადრო ეროვნული ბანკი განახორციელებს სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს, ამჯერად უკვე აუქციონების მეშვეობით, რათა არ დაუშვას გაცვლითი კურსის მკვეთრი მოკლევადიანი რყევები“,– აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკი ყოველდღიურად, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ბანკთაშორის ბაზარზე დადებული გარიგებების და სავალუტო აუქციონებზე დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით გამოითვლის დღის საშუალო–შეწონილ კურსს, რომელიც იქნება მომდევნო დღის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

„წინამდებარე ცვლილების განხორციელება ხელს შეუწყობს გაცვლითი კურსის განსაზღვრის უფრო მეტად საბაზრო მექანიზმის ჩამოყალიბებას. იგი სტიმულს მისცემს ქვეყანაში შიდა სავალუტო ბაზრის განვითარებას და არაპირდაპირ სხვა ბაზრების განვითარებასაც. თავის მხრივ, განვითარებული სავალუტო ბაზარი უზრუნველყოფს გაცვლითი კურსის მეტ სტაბილურობას. ყოველივე ეს კი, მნიშვნელოვან წინაპირობებს შექმნის ეროვნული ბანკის სავალუტო და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის გასაზრდელად”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონებზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია იმავე დღესვე იქნება ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე. ასევე, ყოველ სამუშაო დღეს, 17:00 სთ–ზე ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდება ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი.

სხვა სიახლეები