ეროვნული ბანკი გამოცდილებას ეთიოპიელ კოლეგებს უზიარებს
1– 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკი ეთიოპიის ეროვნული ბანკის დელეგაციას მასპინძლობს. ვიზიტის მიზანი საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადახდო სისტემის დანერგვის პროცესის გაცნობა და გამოცდილების გაზიარებაა. „საქართველოში მსოფლიო ბანკის კონსულტანტის ენდრიუ მეისონის რეკომენდაციით ჩამოვედით, ჩვენთვის ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბევრი თანამედროვე ინსტრუმენტი აამოქმედა, ინერგება სისტემების მართვის მაღალტექნოლოგიური პროცესები, ჩვენ საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარებას ვაპირებთ“ – განაცხადა ეთიოპიის ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა მატეოს შამომ.
ეთიოპიის დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოში მსოფლიო ბანკის კონსულტანტის ენდრიუ მეისონის რეკომენდაციით ჩამოვიდნენ. სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში ეროვნული ბანკის საგადახდო, ფინანსურ, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა, მონეტარული პოლიტიკის დეპარტამენტების ხელმძღვანელებსა და საგადახდო სისტემების პროექტის საპროექტო ჯგუფის წევრებს შეხვდებიან. ადგილზე გაეცნობიან პროექტების მიმდინარეობის პროცესს. დაგეგმილია პრეზენტაციები და დისკუსიები. ეროვნული ბანკის თანამშრომლები ეთიოპიელ კოლეგებს პროექტის წარმატებით განხორციელების გამოცდილებას გაუზიარებენ და გაუწევენ რეკომენდაციებს საპროექტო რისკების შემცირების, პროექტის მართვისა და ორგანიზაციის, მომწოდებელთან ურთიერთობის, საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის მომზადების სფეროებში. აგრეთვე გაცვლიან გამოცდილებას საგადახდო სისტემების პოლიტიკისა და მართვის საკითხებში.