ეროვნული ბანკი აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებს მასპინძლობს

ეროვნული ბანკი აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებს მასპინძლობს

21 იანვარი, 2013
საქართველოს ეროვნულ ბანკში გატარებული რეფორმების გაცნობისა და გაზიარებისათვის ეროვნულ ბანკს მოლდოველების შემდეგ აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები ეწვივნენ. დელეგაციას აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ხაგანი აბდულაევი ხელმძღვანელობს. 

პირველი შეხვედრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გიორგი ქადაგიძესთან გაიმართა.
 
ვიზიტის მთავარი მიზანი, ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ დანერგილი ანგარიშსწორების იმ ინოვაციური სისტემების გაცნობაა, რომელიც საშუალებას აძლევს ფინანსურ ინსტიტუტებს გადარიცხვები სწრაფად და უსაფრთხოდ განახორციელონ. 

აზერბაიჯანელმა ბანკირებმა შეხვედრები გამართეს საგადახდო სისტემების, საბანკო ზედამხედველობისა და სტატისტიკისა და მაკროეკონომიკის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან და ადგილზე გაეცნენ უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. ასევე, მოინახულეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკასო ცენტრი, რომელიც 2012 წლის ივნისში გაიხსნა.
 
აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ქართველ კოლეგებს გულთბილი მასპინძლობისა და იმ გამოცდილების გაზიარებისათვის, რომელსაც ქვეყნის მთავარი ბანკი, მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს აცნობს.

სხვა სიახლეები