ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით წარსდგა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ინტერპელაციის წესით მოსმენა გაიმართა.
ნათია თურნავას შვიდმა დეპუტატმა "ლიბერთი ბანკსა" და პენსიონერებისთვის გაცემულ სესხებთან დაკავშირებული კითხვებით მიმართეს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა დეპუტატებს საპენსიო სესხების პრობლემატიკით დაინტერესებისთვის და აღნიშნა, რომ სებ-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პენსიონერების სოციალური სტატუსი და ცხოვრების პირობები.
"ჩვენ, როგორც ეროვნული ბანკი, ჩვენ ნაწილში ამაზე მუდმივად ვმუშაობთ. ამ საკითხებთან დაკავშირებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მოგვცა საშუალება, უფრო დეტალურად ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი მიდგომა, ჩვენი მხრიდან მოსაწოდებელი ინფორმაცია, თუ რა კეთდება ამ პერიოდის განმავლობაში იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი პენსიონერები, როგორც მსესხებლები იყვნენ უფრო მეტად ინფორმირებულები და მათი უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული", - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის შედეგად, სებ-ის ჩართულობით მიღებულია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ბანკმა გამოხატა მზადყოფნა, რომ 151 ათას სესხზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს.
"ეს არის რეალურად მნიშვნელოვანი გზა, რომელიც ერთი მხრივ, სოციალურ ყოფას გაუმჯობესებს პენსიონერების მნიშვნელოვან ნაწილს და მეორე მხრივ, ეს მათ ფინანსურ მდგრადობას, მათ ხელთ არსებულ განკარგვად შემოსავლებს გაზრდის, რაც ბანკისთვისაც კარგია იმიტომ რომ მისი ლოიალური კლიენტი ფინანსურად უფრო მეტად ძლიერდება", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე ისაუბრა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დამკვიდრების შესახებ.
მისი თქმით, აღნიშნული პრინციპის დაცვა მნიშვნელოვანია, როგორც ვალდებულების შესრულების გადავადების ან/და რესტრუქტურიზაციის პროცესში, ასევე, მომხმარებლის სათანადოდ ინფორმირებულობის თვალსაზრისითაც.
"რამდენადაც, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შედეგად შეცვლილ პირობებზე მომხმარებლები წინასწარ არ არიან ინფორმირებულნი და მათთვის რთულია ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება, მათი მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში კომერციულმა ბანკებმა უნდა უზრუნველყონ საშეღავათო პერიოდით სარგებლობამდე მოქმედი გრაფიკის მიხედვით გადახდების მიღება. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ბანკების მხრიდან მომხმარებლისთვის სესხის გადავადებული ნაწილის წინმსწრებით დაფარვის შეთავაზების შემთხვევაში, წინმსწრების საკომისიო უნდა იყოს ნული", - დასძინა ნათია თურნავამ.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ სებ-ი აძლიერებს საბაზრო ქცევის შესწავლისა და მონიტორინგის ზედამხედველობის მიმართულებას. სწორედ ამ მიმართულებით განხორციელდა კომერციული ბანკების მიერ საფინანსო პროდუქტების დისტანციურად შეთავაზებისა და გაყიდვის პრაქტიკის შესახებ თემატური მოკვლევა, რომლის შედეგები მათ შორის მოწყვლად სეგმენტთან მიმართებით, შესაძლოა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საზედამხედველო ქმედებების საფუძველიც გახდეს.
თავის გამოსვლაში ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იკრძალება სახელმწიფო პენსიის თანხით უზრუნველყოფილი სესხების/კრედიტების, მათ შორის ე.წ. "ოვერდრაფტების" რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონრებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ სახელმწიფო პენსიის თანხით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლით განისაზღვრება.