ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრიფინგი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრიფინგი

14 ნოემბერი, 2012

14 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართულ ბრიფინგზე ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებას გამოეხმაურა. დავით საგანელიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საბოტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა.  

“მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, და მე, როგორც ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ყოველთვის ვერიდებოდი მკვეთრ განცხადებებს. ჩვენ თითქმის არასდროს ვპასუხობდით ცალკეული ექსპერტებისა თუ პოლიტიკოსების დაუსაბუთებელ ბრალდებებს და არა იმიტომ, რომ პასუხი არ გვაქვს:  ამის მიზეზი გახლავთ ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც ეროვნულ ბანკს აკისრია ქვეყნის და თითოეული მოქალაქის წინაშე. სწორედ ეს არ გვაძლევს უფლებას, რისკის ქვეშ დავაყენოთ საბანკო სექტორის სტაბილურობა, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს სუბიექტურ, არაკვალიფიციურ ბრალდებებზე პასუხის გაცემის ცდუნება. 

თუმცა ამჯერად აუცილებლად მივიჩნიე მეპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისათვის, რომელმაც გუშინ ბიუჯეტის პროექტის განხილვისას სრულიად უარგუმენტოდ, ყოველგვარი განმარტებებისა და დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ბოლო დღეებში თავისი უმთავრესი ფუნქციის შესრულებისას - რაც კომერციული ბანკების ზედამხედველობა გახლავთ - ეწევა საბოტაჟს ქვეყნის წინაშე. ყურადსაღებია, რომ ეს ბრალდება, რომელსაც არანაირი დასაბუთება არ მოჰყოლია, გამოითქვა არა რიგითი ექსპერტის, ან ერთეული დამოუკიდებელი პოლიტიკოსის მიერ, არამედ სახელისუფლებო ძალის პოლიტიკური ლიდერის მიერ. იმ გამოსვლისას რომელიც საზოგადოებას აცნობს ხელისუფლების და საპარლამენტო უმრავლესობის პოლიტიკურ პოზიციასა და ნებას. ამდაგვარი უაპელაციო ბრალდებები იმ ინსტიტუტის მიმართ, რომლის როლი და ფუნქცია გადამწყვეტია ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში და რომლის დამოუკიდებლობა კონსტიტუციითაა გარანტირებული, გვაძლევს მყარ საფუძველს ვივარუდოთ, რომ ადგილი აქვს ეროვნულ ბანკზე ზეწოლის და გავლენის მოპოვების ღია და დაუფარავ მცდელობას.  

ქვეყნის  ფინანსურმა  სექტორმა არაერთხელ დაადასტურა თავისი სიძლიერე და ამ თემასთან დაკავშირებით, საბედნიეროდ, კითხვის ნიშნები არ არსებობს. ამიტომ წერტილი უნდა დაესვას უპასუხისმგებლო განცხადებებით საზოგადოებაში ანტისაბანკო ისტერიის გაღვივებასა და სექტორის დისკრედიტაციის მცდელობას.  

დავუბრუნდები კვლავ ბატონი საგანელიძის ბრალდებას და მივმართავ მას: საზოგადოებას და მეც მათ შორის, დეტალურად და კონკრეტულად განგვიმარტოს, რას ეფუძნებოდა მისი განცხადება, რა ტიპის საბოტაჟს ჰქონდა ადგილი ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან.

და ბოლოს მე, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა არაერთხელ განვაცხადე საჯაროდ და ახლაც დავადასტურებ მთავრობის ახალ შემადგენლობასთან თანამშრომლობის მზადყოფნას. ასევე მზად ვარ წარვსდგე ნებისმიერი საპარლამენტო ფრაქციის წინაშე, ვუპასუხო მათ შეკითხვებს და გავაცნო საქართველოს ეროვნული ბანკის ზოგადი პოლიტიკა“, - განაცხადა ბრიფინგზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

სხვა სიახლეები