ეროვნული ბანკის მოწვევით თბილისს თელ–ავივის უნივერსიტეტის პროფესორი ლეონარდო ლიდერმანი ეწვევა
15–20 აპრილს, საქართველოს ეროვნული ბანკის მოწვევით თბილისს თელ–ავივის უნივერსიტეტის პროფესორი ლეონარდო ლიდერმანი ეწვევა. ეს ლიდერმანის მეორე სამუშაო ვიზიტია და იგი კონსულტაციებს უწევს (მსოფლიო ბანკის დაფინანსებით) ეროვნულ ბანკს ქვეყნის საფინანსო სისტემის ლარიზაციის პროცესში. ლიდერმანი მონაწილეობას მიიღებს 15 აპრილის საერთაშორის კონფერენციაში, რომელიც შეეხება „ეკონომიკის მდგრადი დაკრედიტების საკითხებს“ და ტარდება ეროვნული ბანკის, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორგანიზებით. ასევე ლიდერმანი მონაწილეობას მიიღებს 19-20 აპრილს ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში (ვორქშოფი) საბანკო ზედამხედველობის თემაზე ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი სპეციალისტებისათვის.
ლიდერმანი 1951 წელს არგენტინაში(კორდობა) დაიბადა. პროფესორი არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და გამოცემის ავტორი, მისი მოღვაწეობის სფეროს განეკუთვნება ისეთი მიმართულებები როგორიცაა მაკროეკონომიკა, მონეტარული პოლიტიკა და თეორია, საერთაშორისო ეკონომიკა, დოლარიზაცია. ლიდერმანს გამოცემული აქვს წიგნები შემდეგ თემებზე: ინფლაციის თარგეთირება, მონეტარული პოლიტიკა და თეორია, გაცვლითი კურსის რეჟიმები, ინფლაციის სტაბილიზაცია ისრაელსა და ლათინურ ამერიკაში, ინფლაციის მოლოდინები და სხვა.
ლეონარდო ლიდერმანი სხვადასხვა დროს მუშაობდა: დოიჩე ბანკში განვითარებადი ბაზრების ეკონომიკის მმართველ დირექტორად; იყო ისრაელის ბანკის კვლევითი დეპარტამენტის დირექტორი და ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე; თელ–ავივის უნივერსიტეტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; სამეცნიერო საზოგადოების წევრი CEPR -ლონდონი; ისრაელის ბანკის უფროსი მრჩეველი; ისრაელის ეკონომიკის ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი; თელ–ავივის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი; მიწვეული მეცნიერი საერთაშორისო მონეტარული ფონდის კვლევით დეპარტამენტში; მსოფლიო ბანკის მკვლევარი და კონსულტანტი; მიწვეული ასოცირებული პროფესორი ბოსტონის უნივერსიტეტში; ისრაელის ბანკის კვლევითი დეპარტამენტის მრჩეველი.