ეროვნული ბანკის მორიგი კვლევითი ნაშრომი საქართველოში მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის ემპირიულ შეფასებაზე

ეროვნული ბანკის მორიგი კვლევითი ნაშრომი საქართველოში მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის ემპირიულ შეფასებაზე

25 ნოემბერი, 2021

საქართველოს ეროვნული ბანკი, საზოგადოებასთან ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას განაგრძობს. კვლევითი ნაშრომების მიზანია წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისა და ეკონომისტებისათვის მნიშვნელოვანი თემების შესწავლაში. ნაშრომების სერია ვრცელდება კვლევებში განხილულ თემებზე დისკუსიის ხელშესაწყობად და უკუკავშირის მისაღებად. კვლევითი ნაშრომების სერიას კოორდინირებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილება და ფოკუსირებულია ცენტრალური ბანკებისათვის  ისეთ რელევანტურ თემებზე, როგორებიცაა - მაკროეკონომიკური მოდელირება, მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობა და სხვა.

 

მომდევნო კვლევითი ნაშრომი მონეტარული პოლიტიკის გადაცემა საქართველოში: ემპირიული შეფასება“  დაწერილია სერგო გადელიას (ISET პოლიტიკის ინსტიტუტი), თამარ მდივნიშვილის (სებ) და შალვა მხატრიშვილის (სებ) მიერ. კვლევის მიზანია საქართველოში მონეტარული პოლიტიკის გადაცემის სიძლიერის ემპირიული შეფასება. სტრუქტურული ვექტორული ავტორეგრესიით და მონაცემების გამოყენებით 2009 წლიდან, როდესაც ეროვნული ბანკი გადავიდა ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე, სტატია ასკვნის, რომ საქართველოში საპროცენტო განაკვეთისა და გაცვლითი კურსის არხები შედარებით ძლიერია. კერძოდ, საპროცენტო განაკვეთის ზრდა მოქმედებს სამივე მიმართულებით და იწვევს: ერთობლივი მოთხოვნის შენელებას, გაცვლითი კურსის გამყარებას და, შედეგად, ინფლაციის შემცირებას. აღნიშნული კვლევა გვიჩვენებს, რომ მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმი გაუმჯობესებულია ინფლაციის თარგეთირების შემოღებამდე არსებულ შეფასებებთან შედარებით. ინფლაციის რეაქცია საპროცენტო განაკვეთის ცვლილებაზე პიკს აღწევს 4 კვარტალის შემდეგ, სხვა კვლევებისა და სებ-ის კომუნიკაციის შესაბამისად. ამასთან, ვარიაციის დეკომპოზიციის ანალიზი აჩვენებს, რომ ინფლაციის მერყეობა ძირითადად გამოწვეულია მიწოდების შოკებით, მოთხოვნის შოკებს კი მხოლოდ უმნიშვნელო ეფექტი აქვთ. ეს ემთხვევა ვარაუდს, რომ ცენტრალური ბანკის სისტემატური რეაქციაა, რაც ანეიტრალებს მოთხოვნის შოკების ეფექტს ინფლაციაზე და მიწოდების მხარე ინფლაციის მონაცემებში მთავარ მამოძრავებლად რჩება.

 

კვლევითი ნაშრომის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე.

 

 

სხვა სიახლეები