ეროვნული ბანკის მორიგი კვლევითი ნაშრომი ბიომრავალფეროვნების კარგვასთან დაკავშირებულ ფინანსურ რისკებზე

ეროვნული ბანკის მორიგი კვლევითი ნაშრომი ბიომრავალფეროვნების კარგვასთან დაკავშირებულ ფინანსურ რისკებზე

01 აგვისტო, 2023

საქართველოს ეროვნული ბანკი, საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, ანალიტიკური და კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას აგრძელებს. კვლევითი ნაშრომების მიზანია წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისა და ეკონომისტებისათვის მნიშვნელოვანი თემების შესწავლაში. ნაშრომების სერია ემსახურება დისკუსიის ხელშეწყობას და უკუკავშირის მიღებას. კვლევითი ნაშრომების სერიას კოორდინირებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილება და ფოკუსირებულია ცენტრალური ბანკებისათვის ისეთ რელევანტურ/მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა - მაკროეკონომიკური მოდელირება, მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობა და სხვა. 


მორიგი კვლევითი ნაშრომი "ბიომრავალფეროვნების კარგვასთან დაკავშირებული ფინანსური რისკების შეფასება საქართველოს ფინანსური სექტორის მაგალითზე" ეროვნული ბანკის თანამშრომლების - ელენე ნიკურაძის და სალომე თვალოძის მიერ მომზადდა. კვლევითი ნაშრომი მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების კარგვასა და ფინანსურ სტაბილურობას შორის კავშირების ანალიზს. სტატიაში განხილულია ბიომრავალფეროვნების კარგვასთან დაკავშირებული ფინანსური რისკები და წარმოდგენილია ეკოსისტემურ სერვისებზე ფინანსური სისტემის დამოკიდებულებისა და ზემოქმედების რაოდენობრივი შეფასება საქართველოს მაგალითზე. ძირითადი მიგნებების მიხედვით, საქართველოში კომერციული ბანკების იურიდიულ პირებზე გაცემული საკრედიტო პორტფელის დაახლოებით 46 პროცენტი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ერთ ან მეტ ეკოსისტემურ სერვისზე, რაც შესაძლოა ფიზიკური რისკის ფორმით გამოვლინდეს. გარდა ამისა, კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის დაახლოებით 44 პროცენტი დამოკიდებულია ისეთ ეკონომიკურ სექტორებზე, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ერთ ან მეტ ეკოსისტემურ სერვისზე, რაც შესაძლოა გარდამავალი რისკის ფორმით გამოვლინდეს.


კვლევითი ნაშრომების ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე.

სხვა სიახლეები