ეროვნული ბანკის მონაწილეობით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა
4 ივნისს, საქართველოს ეროვნული ბანკის დიდ დარბაზში, „ეკონომიკის ზამთრის სკოლის“ პროგრამის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა დავით ამაღლობელმა, ქალაქ თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური უფროსმა მამუკა ქაცარავამ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ეკონომისტთა ფორუმის“ წარმომადგენლებმა.
„საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკის, ერთ–ერთი ძირითადი ფუნქცია თანამდეროვე ეკონომიკური ცოდნის გავრცელებაა. ეკონომიკური განათლებისა და ცოდნის გავრცელების ხელშეწყობის მიზნით ეროვნული ბანკი მომავალშიც განაგრძობს სხვადასხვა პროექტების განხორციელებას“ – განაცხადა დავით ამაღლობელმა.
„საქართველოს ეკონომისტთა ფორუმის“ მიერ 2008 წლის დეკემბრიდან 2009 წლის მარტის ჩათვლით, ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარებულ ტრენინგებს მოწვეული სპეციალისტები, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები – რატი გაბრიჩიძე, ზვიად ზედგენიძე და გიორგი პაპავა უძღვებოდნენ.
ტრენინგები სახელწოდებით „ეკონომიკის ზამთრის სკოლა“ 5 საგანში ჩატარდა: მაკროეკონომიკა, მიკროეკონომიკა, ფინანსურ მათემატიკა და საბანკო საქმე, სავალუტო ბაზარი(FOREX), ეკონომეტრიკა და მასში 130 დაინტერესებული მსმენელი მონაწილეობდა (სტუდენტები, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები).
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ეკონომისტთა ფორუმი“ სისტემატურად ახორციელებს სხვადახვა პროექტებს ეკონომიკური განათლების მხარდაჭერის მიზნით. აღნიშნული პროგრამების მთავარი მიზანი დაინტერესებული პირებისათვის პროფესიული(როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული) ცოდნის ამაღლებაა.