ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები საქართველოს ეროვნული ბანკის საცავებში შეინახება
16 ივნისი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი რეგიონული ფილიალების საცავებში ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები შეინახება.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ეკატერინე გალდავას განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების მაღალორგანიზებულად ჩატარების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა დააკმაყოფილა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თხოვნა და თავისი ფილიალების საცავებში საგამოცდო ტესტების შენახვის მზადყოფნა გამოთქვა. ეროვნული ბანკის საცავებში, სადაც, როგორც წესი მხოლოდ ფულადი ნიშნები ინახება, საგამოცდო ტესტები მაქსიმალურად დაცული იქნება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობაში დაიბეჭდა. მისი უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობის დაცვის მიზნით, საგამოცდო ტესტები მოთავსებული იქნება სპეციალურ პაკეტებში, რომლებიც, თავის მხრივ, ჩაიწყობა დალუქულ ყუთებში. გამოცდის დღეს ტესტებს დანიშნულების ადგილზე ეროვნული ბანკის საცავიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირის „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ თანამშრომლები დაცვის თანხლებით გადაიტანენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალური საცავისა განთავსდება ბათუმის, ქუთაისის, ფოთის, გურჯაანის, ახალციხისა და გორის ფილიალების საცავებშიც.