ევრობანკმა „2005 წლის გარდამავალი მიმოხილვის“ პრეზენტაცია გამართა

ევრობანკმა „2005 წლის გარდამავალი მიმოხილვის“ პრეზენტაცია გამართა

21 თებერვალი, 2006
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (ევრობანკი) „2005 წლის გარდამავლი მიმოხილვის“ დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის პრეზენტაცია ევრობანკის სასწავლო და სტრატეგიული სექტორის პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა სამუელ ფენკჰაუზერმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართა.   პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელები.   დოკუმენტში ძირითადად ასახულია საქართველოში 2004 წლის განმავლობაში განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგები. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2004 წელს საქართველოში ინფლაციის პარამეტრმა 7.5% შეადგინა. თუმცა, მომავალი წლის ანგარიშში, სადაც 2005 წლის ინფლაციის მაჩვენებელი დაფიქსირდება, ის 1.3%-ით ნაკლები იქნება.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძის განცხადებით,  „გარდამავალ მიმოხილვაში შეტანილი პარამეტრების მიხედვით ცხადია, რომ საქართველო დსთ-ის ქვეყნებთან შედარებით სწრაფი ტემპით ვითარდება. თუმცა, მიმოხილვაში არ შესულა ყველაზე წარმატებული 2005 წლის მაჩვენებლები.   2005 წელს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა 83.2%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი არა მარტო დსთ-ის, არამედ მსოფლიოს მთელ რიგ სახელმწიფოებში არსებულ ანალოგიურ პარამეტრზე საგრძნობლად მაღალია. უკანსაკნელი ხუთი წლის განმავლობაში საქართველოსთან ერთად საბანკო სექტორის ზრდის ასეთი ტენდენციით მხოლოდ ყაზახეთი გამოირჩევა. ვიმედოვნებ, მიმდინარე წელს ანალოგიური მასშტაბური ზრდის ტემპები არა მარტო საბანკო სექტორში, არამედ სხვა სფეროებშიც დაფიქსირდება“.   ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკი მონიტორინგს უწევს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისპირეთის, დსთ-ის გარდამალი ეკონომიკის მქონე 27 ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებს. ევრობანკი ამ სახელმწიფოებში რეფორმის მიმდინარეობის შეფასებას 1994 წლიდან აქვეყნებს „გარდამავალი მიმოხილვის“ დოკუმენტის სახით.   შეფასება მოიცავს ეკონომიკის ოთხ ძირითადი სფეროს – ბაზრებისა და საგარეო ვაჭრობის, საწარმოების, საფინანსო ორგანიზაციებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ტენდენციებს.   1992 წლის სექტემბრიდან 2005 წლის 31 დეკემბრამდე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოში დააფინანსა 339.2 მლნ ევროს მოცულობის 49 პროექტი.
სხვა სიახლეები