დეპოზიტების მოცულობამ პირველი სექტემბრისათვის 2.7 მლრდ ლარი შეადგინა
პირველი სექტემბრისათვის საქართველოს საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2.7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 0.7 პროცენტით ნაკლებია 2007 წლის ანალოგიური თარიღისათვის არსებულ მაჩვენებელთან შედარებით და 12.7 პროცენტით ჩამორჩება მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის მიღწეულ დონეს. ივლისთან შედარებით, ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 15.7 პროცენტით, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტები 10.7 პროცენტით შემცირდა. შესაბამისად, თუ ბოლო ორი წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტის პერმანენტულ კლებას, აგვისტოს ბოლოს ამ მაჩვენებელმა 61.4 პროცენტი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 1.4 პუნქტით მაღალია.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოს მოვლენებმა შეცვალა თვით უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების სტრუქტურაც: თუ აშშ დოლარითა და ევროთი განთავსებული დეპოზიტების ხვედრითი წილი ამ კატეგორიის დეპოზიტებში, პირველი აგვისტოს მდგომარეობით, შესაბამისად, 69.7 და 29.6 პროცენტს შეადგენდა, პირველი სექტემბრისათვის ეს თანაფარდობა 74.5 და 24.8 პროცენტით შეიცვალა.
საგულისხმოა, რომ ერთ თვეში ფიზიკური პირების დეპოზიტები 17.1 პროცენტით, ანუ 260.0 მლნ ლარით, ხოლო იურიდიული პირების დეპოზიტები 8.5 პროცენტით, ანუ 129.0 მლნ ლარით შემცირდა. ამასთან, ამავე პერიოდში 1.3 პუნქტით გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე და სექტემბრის დასაწყისისათვის 10.7 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული, ძირითადად, უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთის 1.9 პუნქტით (9.9 პროცენტი პირველი სექტემბრისათვის) ზრდამ განაპირობა.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
http://www.nbg.gov.ge/