დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ
საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების (სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების, გადასახდელი პროცენტების ჩათვლით) მოცულობამ 2009 წლის 1–ლი სექტემბრისათვის 2.9 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 7.7 პროცენტით მეტია მიმდინარე წლის 1–ლი აგვისტოსათვის არსებულ მაჩვენებელზე. აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების როგორც მიმდინარე ანგარიშების, ისე ვადიანი დეპოზიტების ზრდას, შესაბამისად, 12.6 და 5.0 პროცენტით.
დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 2009 წლის 1–ლი სექტემბრისათვის 74.1 პროცენტი შეადგინა. დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 9.7 პროცენტს შეადგენს, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 10.5 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 9.6 პროცენტს.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 77.5 პროცენტს, ხოლო ევროს წილი 21.6 პროცენტს შეადგენს.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.ge