დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ
საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების (სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების, აგრეთვე გადასახდელი პროცენტების ჩათვლით) მოცულობამ 2010 წლის 1 მარტისათვის 3.5 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 1.2 პროცენტით ანუ 40.9 მლნ ლარით მეტია მიმდინარე წლის 1 თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე. თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების როგორც მიმდინარე ანგარიშების, ისე ვადიანი დეპოზიტების ზრდას, შესაბამისად, 26.6 მლნ ლარით ანუ 2.1 პროცენტით და 13.7 მლნ ლარით 0.6 პროცენტით.
დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 2010 წლის 1 მარტისათვის 72.7 პროცენტი შეადგინა - 1.7 პროცენტული პუნქტით ნაკლები 1 თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით. დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 9.2 პროცენტს შეადგენს, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 10.7 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 9.0 პროცენტს.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 76.6 პროცენტს, ხოლო ევროს წილი 22.2 პროცენტს შეადგენს.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.ge