დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ
საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების (სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების, აგრეთვე გადასახდელი პროცენტების ჩათვლით) მოცულობამ 2010 წლის 1 ივლისისათვის 3.8 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 161.5 მლნ ლარით ანუ 4.4 პროცენტით მეტია მიმდინარე წლის 1 ივნისისათვის არსებულ მაჩვენებელზე. ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების როგორც მიმდინარე ანგარიშების ისე, ვადიანი დეპოზიტების ზრდას, შესაბამისად, 42.2 მლნ ლარით ანუ 3.2 პროცენტით და 118.0 მლნ ლარით ანუ 5.2 პროცენტით.
დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 8.2 პროცენტს შეადგენს, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 9.5 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 8.0 პროცენტს.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 79.1 პროცენტს, ხოლო ევროს წილი 19.7 პროცენტს შეადგენს.