დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ
საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების (სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების, აგრეთვე გადასახდელი პროცენტების ჩათვლით) მოცულობამ 2011 წლის პირველი მარტისათვის 4.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 12.6 მლნ ლარით ანუ 0.3 პროცენტით ნაკლებია ა/წ 1 თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე. თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშების ზრდას 1.5 მლნ ლარით ანუ 0.1 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 14.2 მლნ ლარით ანუ 0.5 პროცენტით.
დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 2011 წლის 1 მარტისათვის 72.3 პროცენტი შეადგინა – 0.4 პროცენტული პუნქტით ნაკლები 1 თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით.
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 8.3 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 11.4 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 7.9 პროცენტი.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 71.6 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 18.8 პროცენტი შეადგინა.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.ge