მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში კვლავ გრძელდებოდა საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების ზრდის ტენდენცია. მათმა მოცულობამ 1 სექტემბრისათვის 2.7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 45.3 პროცენტით მეტია წლის დასაწყისისათვის, ხოლო 64.9 პროცენტით – 2006 წლის ანალოგიური თარიღისათვის არსებულ მონაცემებზე. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ პერიოდებში ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა გაცილებით სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტები. კერძოდ, ბოლო ერთ წელიწადში ლარით განთავსებული დეპოზიტები 83.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტები – 56.7 პროცენტით. წლის დასაწყისიდან განვლილ პერიოდში, შესაბამისად, 63.6 და 37.3 პროცენტით, რაც მეტწილად ეროვნული ვალუტისადმი ნდობის შემდგომი განმტკიცებით აიხსნება.
აღნიშნული ტენდენცია ნათლად აისახა დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტის დინამიკაზე, რომელიც წლის დასაწყისიდან 3.87 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 1 სექტემბრისათვის 65.77 პროცენტი შეადგინა. 2006 წლის ანალოგიური თარიღისათვის ეს მაჩვენებელი 69.27 პროცენტს შეადგენდა. თუმცა, დეპოზიტების დოლარიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 1998 წლის კრიზისის შემდგომი პერიოდის მანძილზე მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს აღინიშნა – 65.30 პროცენტი. ამ პროცესის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია ისიც, რომ თუ, მაგალითად, ბოლო ერთი წლის მანძილზე დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 8.5 პროცენტს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.5 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 8.1 პროცენტს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთ წელიწადში 4.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა მიმდინარე ანგარიშების ხვედრითი წილი მთლიან სადეპოზიტო ვალდებულებებში და 1 სექტემბრისათვის 52.1 პროცენტი შეადგინა. ზრდა მოხდა ძირითადად სამეწარმეო სექტორის მიმდინარე ანგარიშების ზრდის ხარჯზე. შესაბამისად, შემცირდა ვადიანი დეპოზიტების ხვედრითი წილი მთლიან დეპოზიტებში 51.1 პროცენტიდან 46.7 პროცენტამდე, რაც მოსახლეობის ვადიანი დეპოზიტების 41.9 პროცენტიდან 37.4 პროცენტამდე შემცირებამ გამოიწვია. გარდა ამისა, განვლილ ერთ წელიწადში 4.9 პროცენტით შემცირდა ფიზიკური პირების ანაბრების ხვედრითი წილი მთლიან სადეპოზიტო ვალდებულებებში, რაც ასევე სამეწარმეო სექტორის მიმდინარე ანგარიშების მოცულობის ზრდის წინმსწრები ტემპებით არის განპირობებული. ამავე პერიოდში, ფიზიკური პირების ანაბრები აბსოლუტურ მაჩვენებლებში 435.9 მილიონი ლარით (55.4%–ით) გაიზარდა და 1.2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც მოსახლეობის ერთ სულზე დაახლოებით 278 ლარს შეადგენს.