დეპოზიტების ზრდის მიმდინარე ტენდენციები

დეპოზიტების ზრდის მიმდინარე ტენდენციები

04 აპრილი, 2008

იმდინარე წლის განვლილ პერიოდში  კვლავ გრძელდებოდა საბანკო სექტორში  განთავსებული დეპოზიტების (მიმდინარე ანგარიშების და ვადიანი დეპოზიტების) ზრდის ტენდენცია. მათმა მოცულობამ 2008 წლის 1 მარტისათვის 2.9 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 47.2 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი თარიღისათვის არსებულ მონაცემებზე. დეპოზიტების სტრუქტურაში 2/3 კვლავ უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე მოდის. თუმცა, საგულისხმოა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა გაცილებით სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ლარით განთავსებული დეპოზიტები 83.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტები - 33.2 პროცენტით. რაც მეტწილად ეროვნული ვალუტისადმი ნდობის შემდგომი განმტკიცებით აიხსნება.

აღნიშნული ტენდენცია ნათლად აისახა დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტის დინამიკაზე, რომელიც გასული წლის შესაბამის პერიოდთან  შედარებით 6.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2008 წლის 1 მარტისათვის 65.5 პროცენტი შეადგინა,  ამ პროცესის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია ისიც, რომ კომერციული ბანკები ბოლო ერთი წლის მანძილზე ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტებზე უფრო მაღალ სარგებელს იხდიდნენ ვიდრე უცხოურ ვალუტაში. ამ პერიოდის განმავლობაში განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 8.6 პროცენტს შეადგენდა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 10.1 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.5 პროცენტს.

საგულისხმოა, რომ უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების სტრუქტურა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა ევროს სასარგებლოდ. კერძოდ, თუ ერთი წლის წინ უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების საერთო მოცულობაში აშშ დოლარის წილი შეადგენდა 89.2 პროცენტს, ხოლო ევროს წილი - 10.3 პროცენტს (0.5 პროცენტი მოდიოდა უცხოური ვალუტის სხვა სახეობებზე), მიმდინარე წლის 1 მარტისათვის აშშ დოლარის წილი 78.6 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო ევროს წილი გაიზარდა 20.6 პროცენტამდე.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ეროვნული ვალუტისადმი მოსახლეობის პოზიტიური  დამოკიდებულების ზრდისა, კვლავ მაღალი რჩება უცხოურ ვალუტაში დენომინირებული  დეპოზიტების ხვედრითი წილი მოსახლეობის ანაბრების სტრუქტურაში და 2008 წლის 1 მარტისათვის 82.5 პროცენტი შეადგინა, თუმცა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი 7.9 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფიზიკური პირების ანაბრები აბსოლუტურ მაჩვენებლებში 396.5 მილიონი ლარით (40.3 პროცენტით) გაიზარდა და 1.4 მლრდ ლარს მიღწია, რაც მოსახლეობის ერთ სულზე დაახლოებით 314 ლარს შეადგენს.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

სხვა სიახლეები