დეპოზიტების ზრდის მიმდინარე ტენდენციები

დეპოზიტების ზრდის მიმდინარე ტენდენციები

05 მაისი, 2008

2008 წლის განვლილ პერიოდში კვლავ გრძელდებოდა საბანკო სექტორში  განთავსებული დეპოზიტების (მიმდინარე ანგარიშების და ვადიანი დეპოზიტების) ზრდის ტენდენცია. მათმა მოცულობამ 2008 წლის 1-ლი აპრილისათვის 2.9 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 52.0 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი თარიღისათვის არსებულ მონაცემებს. საგულისხმოა, რომ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა გაცილებით სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტებისა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში  დეპოზიტები ლარში 88.6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო აშშ დოლარში - 35.3 პროცენტით, რაც, მეტწილად, ეროვნული ვალუტისადმი ნდობის განმტკიცებით უნდა აიხსნას.

აღნიშნული ტენდენცია მკვეთრად აისახა დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტის დინამიკაზე, რომელიც, 2007 წლის შესაბამის პერიოდთან  შედარებით, 7.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2008 წლის 1-ლი აპრილისათვის 61.1 პროცენტს შეადგენდა.  ამ პროცესს მნიშვნელოვნად  შეუწყო ხელი იმ ფაქტორმა, რომ კომერციული ბანკები უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ეროვნული ვალუტით დეპოზიტებზე უფრო მაღალ სარგებელს იხდიდნენ, ვიდრე უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე. ამ პერიოდში დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 8.6 პროცენტს შეადგენდა, მათ შორის, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 10.1 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით მიღებულ დეპოზიტებზე  -  8.4 პროცენტს.

საგულისხმოა, რომ უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების სტრუქტურა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა ევროს სასარგებლოდ. კერძოდ, თუ ერთი წლის წინ უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების საერთო მოცულობაში აშშ დოლარის წილი შეადგენდა 89.1 პროცენტს, ხოლო ევროს წილი - 10.3 პროცენტს, მიმდინარე წლის 1-ლი აპრილისათვის აშშ დოლარის წილი 69.9 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო ევროსი 29.4 პროცენტამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ეროვნული ვალუტის მიმართ მოსახლეობის პოზიტიური  დამოკიდებულების ზრდისა, კვლავ მაღალი რჩება უცხოური ვალუტით დენომინირებული  დეპოზიტების ხვედრითი წილი მოსახლეობის ანაბრების სტრუქტურაში და 2008 წლის 1-ლი აპრილისათვის 79.2 პროცენტი შეადგინა, თუმცა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 10.3 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული. უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ფიზიკური პირების ანაბრები, აბსოლუტური მაჩვენებლების მიხედვით, 412.0 მლნ ლარით (41.9 პროცენტით) გაიზარდა და 1.4 მლრდ ლარს მიღწია, რაც მოსახლეობის ერთ სულზე გადაანგარიშებით, დაახლოებით, 320 ლარს შეადგენს.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

სხვა სიახლეები