დეპოზიტების ზრდის მიმდინარე ტენდენციები

დეპოზიტების ზრდის მიმდინარე ტენდენციები

30 მაისი, 2008

მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში კვლავ გრძელდებოდა საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (მიმდინარე ანგარიშების და ვადიანი დეპოზიტების) ზრდის ტენდენცია. მათმა მოცულობამ 2008 წლის პირველი მაისისათვის 3.1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 47.1 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი თარიღისათვის არსებულ მონაცემებს. საგულისხმოა, რომ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა გაცილებით სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტებისა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ლარით განთავსებული დეპოზიტები 69.6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტები - 36.5 პროცენტით. ეს კი, მეტწილად, ეროვნული ვალუტისადმი ნდობის შემდგომი განმტკიცებით უნდა აიხსნას.

აღნიშნული ტენდენცია ნათლად აისახა დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტის დინამიკაზე, რომელიც, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2008 წლის პირველი მაისისათვის 63.0 პროცენტს შეადგენდა. ამ პროცესის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია ისიც, რომ კომერციული ბანკები უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე უფრო მაღალ სარგებელს იხდიდნენ, ვიდრე დეპოზიტებზე - უცხოური ვალუტით. ამავე პერიოდში განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 8.7 პროცენტს შეადგენდა, მათ შორის, დეპოზიტებზე ეროვნული ვალუტით - 10.1 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით დეპოზიტებზე - 8.5 პროცენტს.

საგულისხმოა, რომ უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების სტრუქტურა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა ევროს სასარგებლოდ. კერძოდ, თუ ერთი წლის წინ უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების საერთო მოცულობაში აშშ დოლარის წილი 88.7 პროცენტს უტოლდებოდა, ხოლო ევროსი - 10.7 პროცენტს, მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის აშშ დოლარის წილი 71.8 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო ევროს წილი 27.4 პროცენტამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად ეროვნული ვალუტისადმი საზოგადოების პოზიტიური დამოკიდებულების ზრდისა, მოსახლეობის ანაბრების სტრუქტურაში კვლავ მაღალი რჩება უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტების ხვედრითი წილი, რაც 2008 წლის პირველი მაისისათვის 78.6 პროცენტს შეადგენდა, თუმცა, ეს მაჩვენებელი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.9 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული. უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ფიზიკური პირების ანაბრები, აბსოლუტურ მაჩვენებლებში, 437.9 მლნ ლარით (43.5 პროცენტი) გაიზარდა და 1.4 მლრდ ლარს მიღწია, რაც მოსახლეობის ერთ სულზე გადაანგარიშებით, დაახლოებით, 330 ლარს შეადგენს.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

სხვა სიახლეები