დეპოზიტების ზრდის მიმდინარე ტენდენციები

დეპოზიტების ზრდის მიმდინარე ტენდენციები

04 სექტემბერი, 2008

მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში  კვლავ გრძელდებოდა საბანკო სექტორში  განთავსებული დეპოზიტების (მიმდინარე ანგარიშების და ვადიანი დეპოზიტების, სამთავრობო და ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) ზრდის ტენდენცია. მათმა მოცულობამ 2008 წლის პირველი აგვისტოსათვის 3.1 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 22.3 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი თარიღისათვის არსებულ მონაცემებთან შედარებით. საგულისხმოა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა გაცილებით სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტებისა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ლარით განთავსებული დეპოზიტები 40.2 პროცენტით, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტები - 12.7 პროცენტით გაიზარდა,  რაც, მეტწილად, ეროვნული ვალუტისადმი ნდობის შემდგომი განმტკიცებით აიხსნება.

აღნიშნული ტენდენცია ნათლად აისახა დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტის დინამიკაზე, რომელიც გასული წლის შესაბამის პერიოდთან  შედარებით 5.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2008 წლის პირველი აგვისტოსათვის 60.0 პროცენტი შეადგინა, რაც დეპოზიტების დოლარიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1998 წლის კრიზისის შემდგომი პერიოდიდან დღემდე. ამ პროცესის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია ისიც, რომ კომერციული ბანკები ბოლო ერთი წლის მანძილზე ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტებზე უფრო მაღალ სარგებელს იხდიდნენ ვიდრე უცხოურ ვალუტაში. ამ პერიოდის განმავლობაში განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 8.9 პროცენტს შეადგენდა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 10.6 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  -  8.4 პროცენტს.

საგულისხმოა, რომ უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების სტრუქტურა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა ევროს სასარგებლოდ. კერძოდ, თუ ერთი წლის წინ უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების საერთო მოცულობაში აშშ დოლარის წილი შეადგენდა 85.2 პროცენტს, ხოლო ევროს წილი - 14.1 პროცენტს, მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის აშშ დოლარის წილი 69.7 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო ევროს წილი 29.6 პროცენტამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ეროვნული ვალუტისადმი მოსახლეობის პოზიტიური დამოკიდებულების ზრდისა, მოსახლეობის ანაბრების სტრუქტურაში კვლავ მაღალი რჩება უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტების ხვედრითი წილი და 2008 წლის პირველი აგვისტოსათვის 78.1 პროცენტი შეადგინა, თუმცა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი 7.7 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული. ბოლო ერთი წლის მანძილზე ფიზიკური პირების ანაბრები აბსოლუტურ მაჩვენებლებში 368.6 მილიონი ლარით (32.1 პროცენტით) გაიზარდა და 1.5 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც მოსახლეობის ერთ სულზე დაახლოებით 340 ლარს შეადგენს.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

სხვა სიახლეები