დეპოზიტების ზრდის მიმდინარე ტენდენციები

დეპოზიტების ზრდის მიმდინარე ტენდენციები

03 თებერვალი, 2009

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების (მიმდინარე ანგარიშების და ვადიანი დეპოზიტების) მოცულობამ 2009 წლის პირველი იანვრისათვის 3.2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 12.5 პროცენტით მეტია 2008 წლის დასაწყისისათვის არსებულ მაჩვენებელზე. უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა 30.1 პროცენტით, მაშინ, როცა ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 21.0 პროცენტით შემცირდა.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი, 2008 წლის დასაწყისთან შედარებით, 10.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 2009 წლის პირველი  იანვრისათვის 75.8 პროცენტი შეადგინა.

კომერციული ბანკები ბოლო ერთი წლის მანძილზე ეროვნული ვალუტით დეპოზიტებზე უფრო მაღალ სარგებელს იხდიდნენ, ვიდრე უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე. თუ ამ პერიოდის განმავლობაში დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 9.5 პროცენტს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.2 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.8 პროცენტი იყო.

უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების სტრუქტურა ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეიცვალა ევროს სასარგებლოდ. კერძოდ, თუ 2008 წლის დასაწყისში უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების საერთო მოცულობაში აშშ დოლარის წილი 80.6 პროცენტს, ხოლო ევროს წილი 18.6 პროცენტს შეადგენდა, მიმდინარე წლის პირველი  იანვრისათვის აშშ დოლარის წილი 74.8 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო ევროს წილი 24.8 პროცენტამდე გაიზარდა.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

სხვა სიახლეები