დეპოზიტების ზრდის მიმდინარე ტენდენციები

დეპოზიტების ზრდის მიმდინარე ტენდენციები

02 მარტი, 2009

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების (მიმდინარე ანგარიშების და ვადიანი დეპოზიტების) მოცულობამ 2009 წლის პირველი თებერვლისათვის 3.0 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2.3 პროცენტით მეტია 2008 წლის შესაბამისი პერიოდისათვის არსებულ მაჩვენებელზე. უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 16.6 პროცენტით გაიზარდა, მაშინ, როცა ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 26.6 პროცენტით შემცირდა.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი, 2008 წლის პირველი თებერვლის მონაცემთან შედარებით, 9.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 2009 წლის პირველი თებერვლისათვის 76.2 პროცენტი შეადგინა.

კომერციული ბანკები ბოლო ერთი წლის მანძილზე ეროვნული ვალუტით დეპოზიტებზე უფრო მაღალ სარგებელს იხდიდნენ, ვიდრე უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე. თუ ამ პერიოდის განმავლობაში დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 9.5 პროცენტს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.2 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.9 პროცენტი იყო.

უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების სტრუქტურა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროს სასარგებლოდ შეიცვალა. კერძოდ, თუ 2008 წლის პირველი თებერვლისათვის უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების საერთო მოცულობაში აშშ დოლარის წილი 76.1 პროცენტს, ხოლო ევროს წილი 23.2 პროცენტს შეადგენდა, მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის აშშ დოლარის წილი 74.6 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო ევროს წილი 24.9 პროცენტამდე გაიზარდა.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში, მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/

სხვა სიახლეები