დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 6.89 პროცენტული პუნქტით შემცირდა

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 6.89 პროცენტული პუნქტით შემცირდა

01 აგვისტო, 2008

მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში კვლავ გრძელდებოდა საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (მიმდინარე ანგარიშები და ვადიანი დეპოზიტები) ზრდის ტენდენცია. მათმა მოცულობამ 2008 წლის პირველი ივლისისთვის 3.0 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 23.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდისათვის არსებულ მონაცემებთან შედარებით. საგულისხმოა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა გაცილებით სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტებისა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ლარით განთავსებული დეპოზიტები 49.2 პროცენტით, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტები 10.8 პროცენტით გაიზარდა, რაც, მეტწილად, ეროვნული ვალუტისადმი ნდობის შემდგომი განმტკიცებით აიხსნება.

აღნიშნული ტენდენცია ნათლად აისახა დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტის დინამიკაზე, რომელიც, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.89 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2008 წლის პირველი ივლისისთვის 60.15 პროცენტი შეადგინა, რაც დეპოზიტების დოლარიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1998 წლის კრიზისის შემდგომი პერიოდიდან დღემდე. ამ პროცესის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია ისიც, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე კომერციული ბანკები ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე უფრო მაღალ სარგებელს იხდიდნენ, ვიდრე უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე. ამ პერიოდში განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 8.9 პროცენტს შეადგენდა, მათ შორის, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 10.4 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 8.5 პროცენტს.

საგულისხმოა, რომ ბოლო ერთ წელიწადში უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა ევროს სასარგებლოდ. კერძოდ, თუ ერთი წლის წინ უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების საერთო მოცულობაში აშშ დოლარის წილი 87.9 პროცენტს, ხოლო ევროს წილი 11.5 პროცენტს შეადგენდა, მიმდინარე წლის პირველი ივლისისთვის აშშ დოლარის წილი 67.5 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო ევროს წილი 31.8 პროცენტამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად ეროვნული ვალუტისადმი მოსახლეობის პოზიტიური დამოკიდებულების ზრდისა, მოსახლეობის ანაბრების სტრუქტურაში კვლავ მაღალი რჩება უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების ხვედრითი წილი, რამაც 2008 წლის პირველი ივლისისთვის 78.5 პროცენტი შეადგინა, თუმცა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 8.8 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. ბოლო ერთი წლის მანძილზე ფიზიკური პირების ანაბრები აბსოლუტურ მაჩვენებლებში 397.4 მლნ ლარით (36.5 პროცენტი) გაიზარდა და 1.5 მლრდ ლარს მიაღწია, რაც ერთ სულ მოსახლეზე, დაახლოებით, 340 ლარს შეადგენს.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

სხვა სიახლეები