დეპოზიტების დოლარიზაცია 2005 წლის დასაწყისიდან დღემდე 10.5 პროცენტით შემცირდა
13 სექტემბერი, 2007
საქართველოს კომერციული ბანკებში განთავსებული დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელმა ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში 10.5 პროცენტით იკლო და მიმდინარე წლის 11 სექტემბრისთვის 63,8 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2005 წლის დასაწყისში საბანკო სისტემის მთლიანი დეპოზიტების 74,47 პროცენტი აშშ დოლარში, ევროსა და სხვა უცხოურ ვალუტაში იყო განთავსებული. 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 71,61 პროცენტს შეადგენდა, 2007 წლის 1 იანვრისთვის კი 69,37 პროცენტს.
საყურადღებოა, რომ აშშ დოლარში განთავსებული სახსრები ლარებში გადააქვთ როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს. აღნიშნული მოვლენა არ მიანიშნებს მხოლოდ ლარის მიმართ საზოგადოების ნდობის ზრდაზე – სტაბილური ლარის პირობებში მეწარმე სუბიექტები საკრედიტო რესურსების მიღებას ეროვნულ ვალუტაში არჩევენ. ყოველივე ეს კი იმის მაჩვენებლია, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოება გაცილებით ხელსაყრელია ლარებში.
ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მსხვილი იმპორტიორები თავიანთი საქონლის რეალიზებისას ლარებში ამონაგები თანხის უცხოურ ვალუტაში მყისიერ კონვერტაციას არ ახორციელებენ, როგორც ეს ადრე ხდებოდა. აღნიშნული გარემოების მიზეზი ის არის, რომ სავალუტო ბაზარზე დიდი ხანია აღარ აღინიშნება ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრი რყევები.