დეპოზიტების დოლარიზაცია ოც დღეში 2,1 პროცენტით შემცირდა
02 ნოემბერი, 2005
საქართველოს კომერციული ბანკებში განთავსებული დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელმა ოცი დღის მანძილზე 2,1 პროცენტით იკლო, რაც უპრეცედენტო მოვლენაა ლარის მიმოქცევაში შესვლიდან დღემდე. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 30 სექტემბერს საბანკო სისტემის მთლიანი დეპოზიტების 73,6 პროცენტი აშშ დოლარში იყო განთავსებული (460,4 მილიონი აშშ დოლარი), უკვე 20 ოქტომბერს კი ეს მაჩვენებელი 71,5 პროცენტს (449,3 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენდა.
საყურადღებოა, რომ აშშ დოლარში განთავსებული სახსრები ლარებში გადააქვთ როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს. აღნიშნული მოვლენა არ მიანიშნებს მხოლოდ ლარის მიმართ საზოგადოების ნდობის ზრდაზე – სტაბილური ლარის პირობებში მეწარმე სუბიექტები საკრედიტო რესურსების მიღებას ეროვნულ ვალუტაში არჩევენ. ყოველივე ეს კი იმის მაჩვენებლია, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოება გაცილებით ხელსაყრელია ლარებში.
ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მსხვილი იმპორტიორები თავიანთი საქონლის რეალიზებისას ლარებში ამონაგები თანხის უცხოურ ვალუტაში მყისიერ კონვერტაციას არ ახორციელებენ, როგორც ეს ადრე ხდებოდა. აღნიშნული გარემოების მიზეზი ის არის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად სავალუტო ბაზარზე დიდი ხანია აღარ აღინიშნება ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრი რყევები.